ჯეიმს ვებმა გადაიღო ფოტო, რომლის გადაღებაც აინშტაინს შეუძლებლად მიაჩნდა — #1tvმეცნიერება
ზოგადი ფარდობითობის ერთ-ერთი პირველი დადასტურებული პროგნოზია ვარსკვლავის სინათლის გრავიტაციული გამრუდება.
ამ ეფექტს პირველად 1919 წელს, მზის სრული დაბნელებისას დააკვირდნენ. ვინაიდან ვარსკვლავები სინათლის წერტილების სახით მოჩანს, ეს ეფექტი დაბნელების სიახლოვეს ვარსკვლავთა ადგილმდებარეობის აშკარა ცვლილების სახით ჩანს.
თუმცა, ეს ეფექტი უფრო ზოგადად ხდება. თუკი შორეულ გალაქტიკას ჩვენთან რომელიმე უფრო ახლომდებარე ეფარება, შორეულის სინათლის რაღაც ნაწილი ახლომდებარის გარშემო გრავიტაციულად ლინზირდება, რაც შორეულ ვარსკვლავთა დეფორმირებულ და დამახინჯებულ ხედს გვთავაზობს.
ამ ეფექტს შორეული გალაქტიკის გადიდებაც შეუძლია, რის გამოც, მისი სინათლე უფრო კაშკაშა მოჩანს და მეცნიერები ამ ეფექტს სამყაროს ყველაზე შორეულ ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის იყენებენ.
თუმცა, გრავიტაციული ლინზირების ალბათ ყველაზე ლამაზი ეფექტი არის ე. წ. აინშტაინის რგოლი. ამ ფენომენში შორეული გალაქტიკა ისე სრულყოფილად ექცევა ახლომდებარის უკან ცენტრში, რომ მისი სინათლე წრის სახით გამრუდდება.

აინშტაინმა ამ ეფექტის შესახებ იცოდა, მაგრამ როგორც 1936 წელს ამბობდა, „არ არსებობს იმედი, რომ ამ ფენომენზე პირდაპირ დაკვირვებას შევძლებთ. მიუხედავად ამისა, რამდენად ბრწყინვალეც არ უნდა ყოფილიყო აინშტაინი, მასაც კი ვერ წარმოედგინა თანამედროვე ტელესკოპთა შესაძლებლობები.
ამჟამად უკვე ათეულობით აინშტაინის რგოლია დაფიქსირებული; მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო, რომელზეც ქვემოთ ფოტოზე ხედავთ.
წინა ფონზე მდებარე ახლო გალაქტიკა ელიფსური გალაქტიკაა, რომელიც უფრო ფართო გროვას, SMACS J0028.2-7537-ს ეკუთვნის. მის გარშემო გამრუდებული, შემოხვეული ფერადი გალაქტიკა ირმის ნახტომის მსგავსი სპირალური გალაქტიკაა. ის წინაზე მილიარდობით სინათლის წლით უფრო შორსაა, მაგრამ ისეა განლაგებული, რომ თითქმის სრულყოფილ რგოლს წარმოქმნის.
რა თქმა უნდა, ასეთი ფოტოს გადაღება მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან გახდა შესაძლებელი. სხვა გალაქტიკაში მცხოვრები ასტრონომები ამ ხედს ვერ დაინახავდნენ.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სხვა საოცარი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ მისსავე ვებგვერდზე.
მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.