გურამ დონაძე - პროკურატურის მტკიცებულებებით ზაზა ბაქრაძე შემთხვევის ადგილზე გასროლიდან ხუთ წუთში მივიდა
პროკურატურა როგორც კი დარწმუნდა, რომ გასროლიდან იარაღების პოვნამდე ვიდეოკადრები არის უწყვეტი, უჯრიდან გამოაძრო ზაზა ბაქრაძე, ის არის ცრუ მოწმე, – ამის შესახებ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალდებულმა გურამ დონაძემ განაცხადა.
გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე ამავე საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის ზაზა ბაქრაძის განცხადებებს, სადაც ის დონაძესა და მიქაძეს შანტაჟში ადანაშაულებს, დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ.
„ზაზა ბაქრაძემ თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა 50 წუთის შემდეგ და საათნახევრის შემდეგ მოიტანეს იარაღიო და ამის შემდეგ მოხდა ფალსიფიცირებაო, ბაქრაძე ადგილზე მისული იყო, პროკურატურისვე მტკიცებულებებით, გასროლიდან 3-5 წუთშია მისული. ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა 42 წუთის განმავლობაში. მან მოიტყუა არაერთი რამ, ზურაბ ბაქრაძე იჯდა რობაქიძის დედის პირისპირ და მას არწმუნებდა არაერთ ტყუილში, ვწუხვარ რომ ია მეტრეველი და სოსო რობაქიძეც ასეთი ადამიანების მსხვერპლი აღმოჩდნენ“, – განაცხადა გურამ დონაძემ.
ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ მიქაძეც ასევე ცრუ განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს ზაზა ბაქრაძეს. მისი თქმით, გუშინ დაკითხულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ გასროლა, რობაქიძის გარდაცვალება და იარაღის გადაღება არის უწყვეტი კადრი.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, ძებნილი, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, ზურაბ მიქაძესა და შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც ბაქრაძემ პირველ არხს განუცხადა, დონაძე მას ვიდეოფირით აშანტაჟებს, რომელზეც ბაქრაძის მიერ შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში მონაწილეობა ჩანს. ზაზა ბაქრაძე, რომელიც ძებნილია, ბრალს სრულად ეთანხმება და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ ყოფილა. მას ბრალი ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ედება.