ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე ზურაბ მიქაძესა და გურამ დონაძეს შანტაჟში ადანაშაულებს
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე ზურაბ მიქაძესა და გურამ დონაძეს შანტაჟში ადანაშაულებს

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, ძებნილი, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე  თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ზურაბ მიქაძესა და შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს შანტაჟში ადანაშაულებს.

როგორც პირველ არხს ზაზა ბაქრაძემ განუცხადა, მას ვიდეოთი აშანტაჟებენ, რომელიც გურამ დონაძეს აქვს და აქამდე არ გასაჯაროებულა.

„ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოხდა, რაშიც პირადად ვმონაწილეობდი. ერთ-ერთმა მოწმემ, აკაკი ბარქაიამ თქვა, რომ ბაქრაძემ ჩამიდო იარაღიო და დიახ, ასეა. მე მას ხელყუმბარა ჩავუდე. შეთხვევის ადგილზე, მტკიცებულებების გაყალბებას  ზურაბ მიქაძე ხელმძღვანელობდა და ამის გადაღებას აწარმოებდა გურამ დონაძე. დღეს რომ ექსპერტი იძახის, ფირი არ არის გაყალბებულიო, ეს ფირი არ შეიძლება  რეალური იყოს. რეალური ფირი აქვს გურამ დონაძეს. ის რვა თვის განმავლობაში ამ ფირით მაშანტაჟებს. თუ არ გავჩუმდები და არ ვიტყვი იმას, რაც  დონაძეს და მიქაძეს აწყობთ, ფირს გამოაჩენენ, სადაც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილს ვაყალბებ. მე ამას ვაღიარებ. იქ ერთადერთი სიყალბე იქნება, არ გამოჩნდებიან გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე. ფირცხალავა, იაშვილი, მე – ყველა გამოვჩნდებით მათ გარდა. დღეს  ჩემი შვილის სახელით, რომელიც ყველა პროცესს ესწრება, კიდევ ერთხელ შემომითვალეს, რომ უნდა ვიყო ჩუმად და ისინი მოიყვანენ მოწმეებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იარაღის არსებობას დაადასტურებენ. ამის მერე  ჩემი „სკაიპით“ დაკითხვა მოხდება და მეც ეს უნდა დავადასტურო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფირებს გამოაჩენს“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

ძებნილი ზაზა ბაქრაძე, რომელიც ბრალს აღიარებს, პირველმა არხმა „სკაიპით“ ჩაწერა. მას ბრალად ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე  მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ედება.