მიხეილ სააკაშვილი - გურამ დონაძე გაასამართლეს მარტივი მიზეზის გამო, მისი გაკეთებული იყო ფეიჯი „რეზიდენტი სალომე“
მიხეილ სააკაშვილი - გურამ დონაძე გაასამართლეს მარტივი მიზეზის გამო, მისი გაკეთებული იყო ფეიჯი „რეზიდენტი სალომე“

პრესცენტრის ხელმძღვანელი გურამ დონაძე გაასამართლეს ბუტა რობაქიძის საქმეში მტკიცებულებების გაყალბებაზე ძალიან მარტივი მიზეზის გამო, მისი გაკეთებული იყო ფეიჯი „რეზიდენტი სალომე“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ გვერდზე განთავსებული იყო ვიდეოები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„დავით კირკიტაძის დაჭერამდე ორი დღით ადრე გაუშვეს ციხეში, თუ არ ვცდები ხუთი წლით, გურამ დონაძე. გურამ დონაძე გაასამართლეს ბუტა რობაქიძის საქმეში მტკიცებულებების გაყალბებაზე, მაგრამ ის მტკიცებულებები თუ გაყალბდა მაშინ, კრიმინალური პოლიციის უფროსი, ვინც იყო ამაში ბრალდებული, ვისაც წესით უნდა გაეყალბებინა მტკიცებულებები, იმას შეუფარდეს პირობითი სასჯელი და გურამ დონაძე, პრესცენტრის ხელმძღვანელი გაუშვეს ხუთი წლით. ჟურნალისტს, პრესცენტრის ხელმძღვანელს უშვებენ მტკიცებულებების გაყალბებაზე. რატომ? ძალიან მარტივი მიზეზების გამო – გურამ დონაძის გაკეთებული იყო ფეიჯი „რეზიდენტი სალომე“, სადაც იყო ვიდეოები ივანიშვილის წინააღმდეგ არჩევნების დროს და ივანიშვილმა გასცა პასუხი გურამ დონაძის აქტიურობას არჩევნების პერიოდში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით,  ხელისუფლება აპირებს ფარნაოზ ჭკადუას დაკავებასაც, მას 2014 წელს მომხდარი ჩხუბის გამო ასამართლებენ.

“25 დეკემბერს დანიშნულია ფარნაოზ ჭკადუასთვის მისჯა. ფარნაოზ ჭკადუა არის “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს” შემქმნელი. ეს არის ის სააგენტო, სადაც სრულიად უფულოდ მუშაობს ჩვენი ხალხი. ფარნაოზ ჭკადუას ციხეში უშვებენ იმის გამო, რომ იყო გია ვაშაძის კამპანიის ფეისბუკკოორდინატორი, მისმა ფეისბუქატივობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ივანიშვილს”,-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.