გრიპის ვაქცინამ, რომელიც თამბაქოსგან მიიღეს, კლინიკური ცდები წარმატებით გაიარა — #1tvმეცნიერება
გრიპის ვაქცინამ, რომელიც თამბაქოსგან მიიღეს, კლინიკური ცდები წარმატებით გაიარა — #1tvმეცნიერება

გრიპის ვაქცინამ, რომელიც მცენარეებში გამოიყვანეს, ორი ფართომასშტაბიანი კლინიკური ცდა გაიარა, რაც პირველი შემთხვევაა ამ სახის ვაქცინებისთვის.

ვაქცინა შეიცავს ვირუსის მსგავს ნაწილაკებს, რომლებიც გრიპის ცირკულირებად შტამებს წააგავს; ნაწილაკები თამბაქოს ავსტრალიური ადგილობრივი მონათესავე სახეობებისგან მიიღეს და გენეტიკური ინჟინერიის გზით „ასწავლეს“ ვირუსული ცილების წარმოქმნა.

ორივე ცდაში ჩართული იყო ჯამში 23 000 ადამიანი და როგორც შედეგები მიუთითებს, მცენარეებისგან მიღებული ვაქცინები არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ არაფრით ჩამოუვარდება ბაზარზე არსებულ ამჟამინდელ გრიპის ვაქცინებს.

„ეს კვლევები და კლინიკური ცდები ამ დრომდე უდიდესი დემონსტირებაა იმისა, რომ მცენარეებზე დაფუძნებული პოტენციური პლატფორმებით შესაძლებელია ადამიანის ვაქცინების წარმოება, რომლებიც არის უსაფრთხო, იმუნოგენური და ეფექტიანი“, — წერენ მკვლევრები.

ვაქცინებს, რომლებიც გრიპისგან გვიცავს, ყოველწლიურად ხელახლა ფორმულირება სჭირდება გრიპის შემდეგი სეზონისთვის, რაც უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს.

გრიპის ვირუსი ერთგვარი ქამელეონია, მუდმივად იცვლის გარე ზედაპირზე არსებული ცილის მოლეკულებს, რაც მეცნიერებს აიძულებს, ეძებონ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის ამჟამინდელი ტექნოლოგიის გაუმჯობესების გზები.

ამჟამად არსებულ გრიპის ვაქცინათა უმეტესობა დამზადებულია ქათმის კვერცხში ან ლაბორატორიულ უჯრედებში გამოზრდილი ვირუსული ნაწილაკებისგან, რასაც თვეები სჭირდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა მეცნიერები გაარკვევენ, გრიპის რომელი შტამები (და ზედაპირიც ცილები) სჭირდებათ მიზანში ამოსაღებად.

ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს მცენარეები, რომლებიც შეგვიძლია გენური ინჟინერიით ისე გამოვიყვანოთ, რომ აწარმოონ კონკრეტული ცილები, თანაც ფართო მასშტაბით, რაც ძლიერ გაზრდის სეზონური გრიპის ვაქცინების წარმოების მოცულობას.

ამ მეთოდმა ასევე შეიძლება დაძლიოს ის გართულებები, რაც ვაქცინების წარმოების ამჟამინდელ მეთოდს ახლავს თან და ზოგჯერ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებასაც იწვევს.

ამ სისტემაში, მკვლევრებმა გამოიყენეს თამბაქოს ავსტრალიური მონათესავე მცენარე, სახელად Nicotiana benthamiana, რომელიც გენური ინჟინერიით ისე დაამუშავეს, რომ გრიპის ვირუსების მხოლოდ ზედა გარსი წარმოექმნა. ამის შემდეგ, ვირუსის მსგავსი ნაწილაკები გამოაცალკევეს და გრიპის ვაქცინის შესაქმნელად, მკაცრ პირობებეში დაწმინდეს.

მცენარისგან მიღებული ვაქცინა მკვლევრებმა ორ კლინიკურ ცდაში შეამოწმეს, რომლებსაც აფინანსებდა ამ მეთოდის შემქმნელი კანადური ბიოტექნოლოგიური კომპანია; ცდებმა არ აჩვენა რაიმე მნიშვნელოვანი გართულებები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მესამე ფაზა, რომელიც უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას ამოწმებს, ერთ-ერთი ბოლო ეტაპია, რომელიც ვაქცინებმა უნდა გაიაროს დამტიკცებამდე და ფართო გამოყენებაში დანერგვამდე.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გრიპის ვაქცინის უსაფრთხოობა და ეფექტიანობა დამტკიცდა, ნებისმიერ მწარმოებელს უნდა შეეძლოს მისი დამზადება ყოველწლიურად მილიონობით დოზით, რაც შეიძლება გამოწვევა იყოს ვაქცინის მწარმოებელი მცენარეებისთვის.

პირველ ცდაში მონაწილეობდა 18-დან 64 წლამდე ასაკის ზრდასრული ადამიანები აზიიდან, ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. მისი მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ ვაქცინა ცდაში მონაწილე ადამიანთა 70 პროცენტს იცავდა გრიპის მსგავსი ან სხვა რესპირატორული დაავადებებისგან გრიპის ერთ სეზონზე.

მიუხედავად იმისა, რომ ცდაში ასეთ მაღალ ნიშნულს ვერ მიაღწიეს, ვაქცინამ მონაწილე ადამიანთა დაახლოებით მესამედი დაიცვა 2017-2018 წლებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზამთარში ცირკულირებადი გრიპის იმ შტამებისგან, რომლებიც ამ ვაქცინაში არსებულ ვირუსულ ნაწილაკებს დაემთხვა.

მიღებული მაჩვენებელი შეიძლება დაბალი ჩანდეს, მაგრამ ბაზარზე არსებულ გრიპის ვაქცინათა ეფექტიანობა ხშირად წლიდან წლამდე იცვლება, რაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ემთხვევა ვაქცინა მოცემულ ზამთარში ცირკულირებად გრიპის შტამებს.

2017-2018 წლებში შეგროვებულ მონაცემთა საფუძველზე მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მცენარიდან მიღებული მათი ვაქცინა დაცვის დიდწილად იგივე დონეს უზრუნველყოფდა, რასაც გრიპის სხვა კომერციული ვაქცინები გრიპის ამ განსაკუთრებით გრძელ სეზონზე; ასეთი შედეგი კი საკმაოდ კარგია.

მეორე კვლევაში მონაწილეობდა 65 წელს გადაცილებული 12 700 ადამიანი. ეს ფაქტორი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხანდაზმულ ადამიანთა იმუნური სისტემა ასაკთან ერთად ქვეითდება და მათ უფრო მოწყვლადს ხდის ინფექციების წინაშე.

„გრიპის სხვა ვაქცინათა მსგავსად, მცენარისგან მიღებული ვაქცინისადმი იმუნური პასუხი ასაკთან ერთად შემცირდა“, — ამბობენ მკვლევრები.

მცენარისგან მიღებულმა ვაქცინამ ხანდაზმულ ადამიანებში ნაკლები ანტისხეულური პასუხი წარმოქმნა, რაც გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მნიშვნელოვნად გაააქტიურა იმუნურ უჯრედთა მზადყოფნა გრიპის მსგავს ინფექციებთან შესაპასუხებლად.

იმედისმომცემი ის არის, რომ დაცვა, რომელიც ამ ვაქცინამ ადამიანებს გრიპის მსგავსი დაავადებების წინააღმდეგ მისცა 2018-2019 წლების გრიპის სეზონზე, თითქმის იგივე იყო, რასაც ამ სეზონზე გამოყენებული სხვა ვაქცინები იძლეოდა.

„გასული 28 წლის განმავლობაში, მცენარეებიდან მიღებული ვაქცინების არეალი დიდად გაიზარდა, რადგან პირველად 1992 წელს დადგინდა, რომ ვირუსული ცილები მცენარეებიდანაც შეიძლება მივიღოთ“, — აღნიშნავს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი ჯონ ტრეგონინგი უახლესი შედეგების შესახებ გაკეთებულ კომენტარში.

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მცენარისგან მიღებული ვაქცინა კლინიკურ ცდებში ადამიანებზე გატესტეს, რაც საკვანძო ეტაპია ამ ტექნოლოგიისთვის და გზას უხსნის ამ გზით მიღებული სხვა ვაქცინების გამოჩენას.

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ამ კვლევამ ერთ მშვენიერ დღესაც შეიძლება მოგვცეს სეზონური გრიპის ვაქცინების წარმოების მეთოდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დიდ მასშტაბს შეიძენს.

მკვლევრები პუბლიკაციაში აღნიშნავენ, რომ მცენარეზე დაფუძნებულმა მათმა სისტემამ შეიძლება გრიპის ახლად შექმნილი ვაქცინის პირველი დოზების წარმოება გრიპის ახალი შტამის იდენტიფიცირებიდან ორ თვეში შეძლოს.

თუმცა, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მარეგულირებელ ორგანოებზე, რომლებმაც ვაქცინა უნდა დაამტკიცონ.

კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.