თამარ გაბუნია - ახლა იდეალური პერიოდია, რომ გრიპზე ავიცრათ
თამარ გაბუნია - ახლა იდეალური პერიოდია, რომ გრიპზე ავიცრათ

ახლა იდეალური პერიოდია, რომ გრიპზე ავიცრათ, – ამის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„შემოდგომა ვირუსების ცირკულაციის პერიოდია. წელს უკვე ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვირუსი. შედარებით მცირეა, დაახლოებით შვიდი-რვა პროცენტი, კორონავირუსი. მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც, არაფერი უჩვეულო და განსაკუთრებული წლევანდელ სეზონზე არ არის. რაც შეეხება გრიპს, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მხოლოდ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ასევე, არ აღინიშნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო ადასტურებს. აღნიშნული ჩვენთვის იმის შესაძლებლობაა, რომ ახლა დაწყებული ვაქცინაცია თვის ბოლომდე შექმნის ძალიან კარგ მოსამზადებელ პერიოდს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, სახელმწიფომ „ებოტის“ წარმოების 200 000, მაღალი ხარისხის, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. მისივე განმარტებით, ვაქცინა იცავს როგორც გრიპის გადადების, ისე მძიმე ფორმების განვითარებისგან, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია.

„ვაქცინა უფასოა და სახელმწიფო პროგრამა ამას სრულად ფარავს, საოჯახო მედიცინის ცენტრები და კლინიკების დიდი ნაწილი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, 60 წლისა და ზემოთ პირები არიან მაღალი რისკის მატარებლები, ასევე შაქრიანი დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ორსულებისთვის, მათი აცრა მოხდება პირველ ეტაპზე, აუცილებლად უნდა მოგვმართონ და აიცრან. ორსულებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ გარკვეული რაოდენობის ვაქცინას იმისთვის, რომ როგორც კი დადგება ორსულობა, აიცრან და ამის შესახებ მას რეკომენდაციას აუცილებლად მისცემს მეან-გინეკოლოგი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება.

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.