Google-ი სავარაუდოდ მაშინაც „გითვალთვალებთ“, როცა ადგილმდებარეობის სერვისი გათიშული გაქვთ
როდესაც Google-ს ადგილმდებარეობის სერვისის გამორთვას უბრძანებთ, როგორც ჩანს, კომპანია მას უფრო შეთავაზებად აღიქვამს, ვიდრე ბრძანებად.
რამდენიმე დღის წინ, Associated Press (AP)-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ჩანს, რომ Google-ის მიერ Android-ისა და iPhone-ის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მრავალი სერვისი სინამდვილეში სულაც არ წყვეტს ადგილმდებარეობის ჩაწერას მაშინ, როცა მომხმარებელს ეს სურს.
მობილურის ზოგიერთი აპლიკაცია უბრალოდ არ მუშაობს, თუ მან თქვენი ადგილმდებარეობა არ იცის. მაგალითად, როგორ ახერხებს Google Maps-ი ნაბიჯ-ნაბიჯ შემოგთავაზოთ მიმართულებები, თუ არ იცის, სად ხართ?
Google-ის აპლიკაციებს წვდომა აქვთ არა მხოლოდ თქვენს რეალურ დროში მდებარეობაზე, არამედ ინახავენ თქვენი ადგილმდებარეობის ისტორიას, იწერენ თქვენს ყოველ მოძრაობას.
თუკი გსურთ, რომ ასე არ იყოს, შეგიძლიათ ადგილმდებარეობის სერვისი უბრალოდ გამორთოთ.
ყოველ შემთხვევაში, ასე წერია Google-ის ვებგვერდზე: „ადგილმდებარეობის ისტორიის გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში, თქვენ მიერ მონახულებული ადგილები ისტორიაში აღარ შეინახება“.
მაგრამ როგორც Associated Press-ის გამოძიებამ დაადგინა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მაშინაც კი, როცა ადგილმდებარეობის ისტორიის სერვისი გამორთული იყო, პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრის, განეს აკარის Android ტელეფონმა რამდენიმე დღის განმავლობაში მისი მოძრაობა მაინც აღნუსხა, რისთვისაც Web & App Activity სერვისი გამოიყენა.
როცა აკარი თავის სმარტფონში ამინდს ამოწმებდა ან ინტერნეტში რამეს ეძებდა, Google ამჩნევდა და იწერდა მის ადგილმდებარეობას.
Google რა თქმა უნდა, ამას გარკვეულწილად უარყოფს, მაგრამ გარკვეულ განმარტებასაც აკეთებს. კომპანიის პრესსპიკერი გამოცემა Futurism-ისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს:
„ადგილმდებარეობის ისტორია Google-ის მთლიანად არჩევითი პროდუქტია და მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მისი შესწორება, წაშლა ან გამორთვა. მინდა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ როცა ისინი ამ პროდუქტს თიშავენ, ჩენ მაინც ვაგრძელებთ ადგილმდებარეობის გამოყენებას, რათა გავაუმჯობესოთ Google-ის გამოცდილება მაგალითად მაშინ, როცა ისინი იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას ან ავტომობილის მართვის აპლიკაციას“.
გამოცემა WIRED-ის ცნობით, სმარტფონის Web & App Activity სერვისს საკმაოდ რთული ხელსაწყოები აქვს და მისი დაყენება არც ისე მარტივი საქმეა.
გამომდინარე იქიდან, რომ Google-მა ბოლო დროს შემოსავლის მიღება დაიწყო ადგილმდებარეობის სერვისებზე დაფუძნებული რეკლამებიდან, არც ისე ძნელია იმის მიხვედრა, თუ რატომ უთვალთვალებს ის მომხმარებლებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა Google-ის ზოგიერთი აქტივობა ეთიკის თვალსაზრისით პრობლემატურია.
მომზადებულია futurism.com-ისა და Associated Press-ის მიხედვით.