ევროკავშირის სასამართლომ Google-ს 2.4 მილიარდი ევროს ანტიმონოპოლიური ჯარიმის გაუქმებაზე უარი უთხრა
ევროკავშირის სასამართლომ Google-ს 2.4 მილიარდი ევროს ანტიმონოპოლიური ჯარიმის გაუქმებაზე უარი უთხრა

ევროკავშირის სასამართლომ კომპანია Google-ს 2.4 მილიარდი ევროს ანტიმონოპოლიური ჯარიმის გაუქმებაზე უარი უთხრა.

ამერიკული კომპანია ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის ევროკომისიამ 2017 წელს დააჯარიმა.

„გუგლის“ აპელაციაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლოს ქვედა ტრიბუნალმა, „ევროპულმა საერთო სასამართლომ“ მიიღო. კომპანია „გუგლს“ გადაწყვეტილების ევროკავშირის სასამართლოში გასაჩივრება კვლავ შეუძლია.

ევროკომისია ამტკიცებდა, რომ „გუგლმა“ უსამართლოდ გამოიყენა თავისი დომინანტური საძიებო სისტემა ტრაფიკის გადამისამართებისთვის „გუგლ შოფინგის“ სერვისზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეადარონ პროდუქტები და ფასები ონლაინ საცალო ვაჭრობიდან.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „გუგლის“ ქმედება ევროკავშირის კონკურენციის წესებს არღვევს და შიდა ბაზარს ზარალს აყენებს.

აღნიშნული გამოძიების გარდა, ტექნოლოგიური გიგანტი დამატებით ორ ანტიმონოპოლიურ გამოძიებაშია ჩართული. ერთი არის რეკორდული 4.34 მილიარდი ევროს ჯარიმა საკუთარი „ანდროიდის“ სისტემით მომუშავე მოწყობილობებზე უკანონო შეზღუდვების სავარაუდო დაწესებისთვის. 1.49 მილიარდი ევროს ჯარიმა ონლაინ რეკლამირებაში სავარაუდო არაკეთილსინდისიერი პრაქტიკისთვის.