Google-ის ახალი პროექტი შუქნიშნებთან მანქანების დგომის დროს 30 პროცენტით ამცირებს — #1tvმეცნიერება
Google-ის ახალი პროექტი შუქნიშნებთან მანქანების დგომის დროს 30 პროცენტით ამცირებს — #1tvმეცნიერება

Google ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი მისიის შესახებ იუწყება, რომლის მიზანიც შუქნიშნებთან ლოდინის დროის, საწვავისა და დამაბინძურებელი აირების გამოყოფის შემცირებაა. ადრეული შედეგების თანახმად, ეს ინოვაცია შუქნიშნებთან ლოდინის დროს დაახლოებით 30 პროცენტით, გამონაბოლქვს კი 10 პროცენტით ამცირებს.

გაამრავლეთ ეს მსოფლიოს ყველა ქალაქის გზაჯვარედინებზე და მიხვდებით, რამხელა შეიძლება იყოს შედეგი. კვლევების მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გზაჯვარედინებზე 29 პროცენტით მაღალია, ვიდრე გაშლილ გზაზე.

მთელი ეს ოპტიმიზაცია ეფუძნება Google Maps-იდან შეგროვებულ დიდი ოდენობით მონაცემს. აპლიკაცია მანქანის მარშრუტებსა და სიჩქარეს აკონტროლებს და სწორედ ამის წყალობით გვაფრთხილებს წინ არსებული მოძრაობის შესახებ; ამ მონაცემების საფუძველზე, Google-მა შექმნა ხელოვნური ინტელექტის მოდელები მანქანისა და შუქნიშნების ერთმანეთთან ურთიერთქმედების შესახებ.

იმისათვის, რათა გაარკვიონ, თუ რა ხდება გზაჯვარედინებზე, ქალაქის მგეგმარებლები ამჟამად ეყრდნობიან ძვირად ღირებულ სენსორებს ან ხელით სატარებელ სათვლელ მანქანებს. აპლიკაცია Google’s Maps-ი და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია გაცილებით მეტ მონაცემის დამუშავება გაცილებით ნაკლებ დროში; ამას გარდა, არც არსებული ინფრასტრუქტურის განახლებაა საჭირო.

„მწვანე სინათლეს ერთდროულად ათასობით გზაჯვარედინის ანალიზი შეუძლია, რაც ქალაქის მრავალ გზაჯვარედინზე აუმჯობესებს ნაკადს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩვენი რეკომენდაციები უკვე არსებულ ინფრასტრუქტურასთან და საგზაო სისტემასთან მუშაობს; შედეგად, ქალაქის ინჟინრებს ზემოქმედების მონიტორინგი და შედეგების ნახვა სულ რამდენიმე კვირაში შეუძლიათ“, – ამბობს Google-ის Engineering & Research დანაყოფის ვიცე-პრეზიდენტი იოსი მატიასი.

იმ ინფორმაციას შორის, რომლის მოწოდებაც Google-ის ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, არის ის, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს შუქნიშნების განრიგი, ანდაც, როგორ შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეს ერთმანეთს სხვადასხვა გზაჯვარედინების შუქნიშნების სინათლეები, რათა მანქანებმა უფრო შეუფერხებლად იმოძრაონ დღისა თუ ღამის განმავლობაში.

პროექტს Project Green Light ჰქვია და ამჟამად მსოფლიოს ოთხი კონტინენტის 12 ქალაქშია გაშვებული: სიეტლში, რიო-დე-ჟანეიროში, მანჩესტერში, ჰამბურგში, ბუდაპეშტში, ჰაიფაში, აბუ-დაბიში, ჰაიდერაბადში, ბენგალორეში, კოლკატაში, ჯაკარტასა და ბალიზე. Google-ის განცხადებით, სქემაში მალე სხვა ქალაქებიც ჩაერთვებიან და ამისათვის, მომხმარებლებს პეტიციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

სათბური აირების შემცირების მიზნით შუქნიშნების ეფექტიანობა გაზრდაზე მხოლოდ Google-ის ინჟინრები არ მუშაობენ. წლის დასაწყისში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც აჩვენებს, როგორ შეუძლია თვითმართვად მანქანებს შუქნიშნებთან და ადამიან მძღოლებთან პარტნიორობით გააუმჯობესონ გზაჯვარედინების ეფექტიანობა.

სხვა მკვლევრებმა ავტობუსებისა და მოტოციკლების პრიორიტეტიზაციის სხვა ჭკვიანური გზები შეისწავლეს, რათა მწვანე ტრანსპორტის არჩევანი უფრო მიმზიდველი გახდეს. როგორც ეს სქემები და კვლევები აჩვენებს, მცირე გაუმჯობესებასაც კი შეუძლია დიდი განსხვავების გამოწვევა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანი მგზავრობს გზებზე ყოველდღე.

„Green Light-მა გამოავლინა ის შესაძლებლობები, რომლებსაც აქამდე ვერ ვხედავდით და ინჟინრები იქით მიმართა, სადაც შუქნიშნების განრიგის ცვლილებამ შეიძლება პოტენციური სარგებელი მოიტანოს. ამან კი ღირებული ცნობები მოგვცა ჩვენი ქალაქის 2400 შუქნიშნის შესახებ“, — ამბობს მანჩესტერის სატრანსპორტო კომპანიის ანალიტიკოსი დევიდ ატკინი.

Project Green-ის შესახებ უფრო მეტს ამ ბმულზე შეიტყობთ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.