თბილისში მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება მიმდინარეობს [ფოტო]
თბილისში მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისში, რუსთაველის თეატრში, Startup Grind-ის რეგიონული კონფერენციის პირველი სამუშაო დღე გაიხსნა.

Startup Grind Europe-Asia Connect საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

Startup Grind-ის ტექნოლოგიურ კონფერენციას ესწრებიან როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე დიპოლომატიური კორპუსის წამომადგენლები.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა „სილიკონ ველისა“ (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები არიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა, ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს აცნობენ.

„რეგიონული ღონისძიება აერთიანებს მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში“, – აღნიშნულია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Startup Grind-ის ტექნოლოგიური კონფერენცია 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს სტარტაპ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დამწყები კომპანიების წარმომადგენლები ინვესტორებსა და მენტორებს შეხვდებიან.

დატოვე კომენტარი