რა არის Google Pay, რომელიც უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია
რა არის Google Pay, რომელიც უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია

მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, Google Pay სერვისი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. რა არის ეს სისტემა და როგორ შეუძლია მას ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივება?

Google Pay არის ციფრული საფულე და გადახდის პლატფორმა Google-ისგან. მომხმარებლებს ის Android მოწყობილობებით გადახდის საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტებში, ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებსა და Google-ის სერვისებში, მაგალითად, Google Play Store-ში.

მომხმარებლები საკრედიტო ან სადებეტო ბარათებს Google Pay ანგარიშთან აკავშირებენ, რის შემდეგაც, მათ ტრანზაქციების საშუალება ეძლევათ სავაჭრო ობიექტებში ან ონლაინშესყიდვებისას. გადახდის ტერმინალებთან დაკავშირებისთვის, Android მოწყობილობებზე Google Pay იყენებს ახლო ველის კავშირს (NFC). როდესაც ბრაუზერ Chrome-ში Google-ის ანგარიშით არის შესული, მომხმარებელს შეუძლია Google Pay-ს საშუალებით განახორციელოს ტრანზაქციები ვებგვერდებზე, რომლებსაც შესაბამისი მხარდაჭერა აქვთ.

ისტორია

Google Wallet-ი კომპანიის მობილური გადახდის პირველი სისტემა იყო, რომელიც 2011 წელს Android მოწყობილობებისთვის შეიქმნა. 2015 წელს მას სახელი შეუცვალეს და Android Pay უწოდეს, რითაც Google Wallet-ი ხელახლა ფოკუსირდა მკაცრად ერთრაგნიან (peer-to-peer) სერვისებზე.

2018 წელს Google-მა განაცხადა, რომ Google Wallet-ი გადახდის სხვა შეთავაზებებს შეუერთდებოდა Google Pay ბრენდის ქვეშ. Google Wallet-ს სახელი შეუცვალა და Google Pay Send უწოდა.

Google Pay ხელმისაწვდომია Android მოწყობილობებზე უკონტაქტო გადახდებისთვის. peer-to-peer ფუნქციები და ანგარიშზე წვდომა შესაძლებელია iOS-ზეც. თუმცა, NFC გადახდებისთვის iPhone-ის ან Apple Watch-ის გამოყენებისას, თავსებადია მხოლოდ Apple Pay.

გამოყენება

Google Pay სერვისი მოქმედებს ასობით ბანკში და გადახდის პროვაიდერთან. კონკრეტულად, მხარდაჭერა აქვს Visa, MasterCard, Discovery და American Express ბარათებს. მომხმარებელმა საკუთარ ბანკში უნდა შეამოწმოს, აქვს თუ არა მას Google Pay-სთან თავსებადობა. ამას გარდა, მხარდაჭერის მქონე ბანკების ჩამონათვალს ქვეყნების მიხედვით ნახავთ Google Pay-ს ვებგვერდზეც.

გადახდისთვის, მომხმარებელმა მოწყობილობაში უნდა ჩამოტვირთოს Google Pay აპლიკაცია და საკუთარ ანგარიშზე მიაბას საბანკო ბარათი.

უსაფრთხოება

ტრანზაქციის რეგისტრირებისას, საკრედიტო ბარათის ნამდვილი ნომრის ნაცვლად, Google Pay აგენერირებს უნიკალურ, დაშიფრულ ნომერს. ამას გარდა, თუკი მომხმარებლის მოწყობილობაზე გათიშულია ეკრანის ბლოკირების ფუნქცია, ეს ვირტუალური ანგარიშის ნომერი ქრება.

მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში, Google-ის სერვისის, Find My Device-ის გამოყენებით შესაძლებელია დისტანციურად წაშალოთ სენსიტიური ინფორმაცია. მომხმარებელს ასევე შეუძლია საკუთარ Google Pay ანგარიშზე სხვა მოწყობილობითაც შევიდეს და ჩახსნას მასზე მიბმული ნებისმიერი ბარათი ან საბანკო ანგარიში.