საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა „გუგლის“ ერთ-ერთ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა „გუგლის“ ერთ-ერთ დირექტორს შეხვდა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა „გუგლის“ (Google) ინჟინერიის დირექტორს, სარა კლატერბაქს შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „გუგლის“ მიერ მთელი რიგი სერვისების გაუმჯობესების მიუხედავად, ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის ჯერ ისევ ხელმიუწვდომელია ცალკეული აპლიკაციები, რომელთა ჩამოტვირთვაც შემოვლითი გზებით და ხშირად არც ისე უსაფრთხოდ ხორციელდება.

ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა „გუგლ ფეი“ (google pay), გუგლის რუკები (google maps) და სხვ., რომლებიც საქართველოში არასრულადაა ხელმისაწვდომი.

როგორც ლაშა მიქავამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არც თუ ისე დიდი ბაზარია, მას ჰყავს კარგად განვითარებული დეველოპერები, მოსახლეობა, რომელიც აქტიურად იყენებს „გუგლის“ სერვისებს, ასევე განვითარებული ტურიზმი და მზარდი რეგიონული ბიზნესსაზოგადოება, რომელთა შორის ბევრი „გუგლის“ სერვისების ლოიალური მომხმარებელია. მისი თქმით, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ სერვისების განვითარება არამხოლოდ საქართველოს, არამედ თავად ინტერესებშიცაა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რათა ინტერნეტმომხმარებელმა „გუგლის“ სერვისები საქართველოში სრულყოფილად მიიღოს.