2021 წლის პირველი ივნისიდან, Google Photos-ზე შეუზღუდავი მოცულობის უფასო მეხსიერებით ვეღარ ისარგებლებთ
2021 წლის პირველი ივნისიდან, Google Photos-ზე შეუზღუდავი მოცულობის უფასო მეხსიერებით ვეღარ ისარგებლებთ

ხუთი წლის წინ, Googl-მა ფოტოების სარეზერვო ასლების შენახვისთვის უსასრულო ოდენობის მეხსიერების უფასო სერვისი Google Photos შემოგვთავაზა. თუმცა, მალე თანხის გადახდა მოუწევთ ანგარიშებს, რომელთა ფოტოების მოცულობაც 15 გიგაბაიტს აცდება. ცვლილება 2021 წლის 1-ელ ივნისს მოხდება და Google Drive-ის სხვა სერვისებსაც შეეხება, მათ შორის Google Workspace-ის დოკუმენტებსა და ელექტრონულ ცხრილებს. გარდა ამისა, Google მონაცემებს წაშლის იმ ანგარიშებიდან, რომლებზეც ბოლო ორი წლის განმავლობაში არავინ შესულა.

15 გიგაბაიტიანი ლიმიტი არ შეეხება ფოტოებსა და დოკუმენტებს, რომლებიც პირველ ივნისამდე აიტვირთება; შესაბამისად, ჯერ ძალიან ბევრი დრო გაქვთ, რათა გადაწყვიტოთ, Google Photos-ით სარგებლობა გააგრძელოთ, თუ თქვენი ფოტოები სხვა ღრუბლოვან სერვისზე გადაიტანოთ. ლიმიტი მხოლოდ პირველი ივნისის შემდეგ ატვირთულ ფოტოებზე გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი „ორიგინალი ხარისხის“ ფოტოების ატვირთვა Google Photos-ში გუგლმა შემდეგ „მაღალი ხარისხით“ შეცვალა, მაგრამ მეხსიერების რაოდენობა მაინც შეუზღუდავი დატოვა.

კომპანიის განცხადებით, Pixel-ის მომხმარებლები მაღალი ხარისხის (და არა ორიგინალი) ფოტოების ატვირთვას 2021 წლის პირველი ივნისის შემდეგ კვლავ შეუზღუდავი რაოდენობით შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფოტოებს Google Photos-ში ორიგინალი ხარისხით ვეღარ შეინახავენ, შეუზღუდავი მოცულობა მაინც შეღავათია.

Google აღნიშნავს, რომ ის უფრო მეტ უფასო მოცულობას გვთავაზობს, ვიდრე სხვები — 15 გიგაბაიტს, როდესაც Apple-ის iCloud-ის უფასო მოცულობა 5 გიგაბაიტია. კომპანია მიუთითებს იმასაც, რომ Google Photos-ს მომხმარებელთა 80 პროცენტი ბოლო სამი წლის განმავლობაში 15 გიგაბაიტსაც არ იყენებს.

ამ ნიშნულთან მიახლოებისას, კომპანია ელექტრონულ ფოსტაზე გაცნობებთ. გარდა ამისა, Google Photos-ში განახლდება ფოტოების მენეჯმენტის ხელსაწყოებიც და მათ შორის იქნება ხელსაწყო, რომლითაც უფრო ადვილად იპოვით და წაშლით ისეთ სურათებს, რომელთა შენახვაც, შეიძლება აღარ გსურდეთ — მაგალითად, სქრინშოტებსა და დაბლარულ ფოტოებს.

აპლიკაციაში გამოჩნდება კიდევ ერთი ხელსაწყო, რომელიც გეტყვით, დაახლოებით რამდენი თავისუფალი მეხსიერება დაგრჩათ დროის თვალსაზრისით და არა გიგაბაიტების. შეფასება დაეფუძნება მომხმარებლის საშუალო ატვირთვათა რაოდენობებს დროთა განმავლობაში, რითაც შეეცდება გამოიცნოს, რამდენ ხანს გეყოფათ უფასო მეხსიერება ამჟამინდელი მაჩვენებლით მოხმარების გაგრძელების შემთხვევაში.

რა გახდა ცვლილების მიზეზი? ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზია უფრო მეტი ხელმომწერის მიზიდვა Google One მეხსიერების სერვისზე. ეს სერვისი ამჟამად მოიცავს უფასო VPN-ს ანდროიდზე და როგორც ჩანს, თანდათან Google-ის სხვა პროდუქტებიც დაემატება. Google-ის ოფიციალური განმარტება მარტივია: Google Photos-ზე უკვე ატვირთულია განუზომელი რაოდენობის ფოტო და ვიდეო და შესაბამისად, საჭიროა სერვისის მდგრადობა.

„დღეისათვის Google Photos-ზე 4 ტრილიონზე მეტი ფოტოა შენახული და ყოველკვირეულად ხდება 28 მილიარდი ახალი ფოტოსა და ვიდეოს ატვირთვა. გამომდინარე იქიდან, რომ მრავალი თქვენგანი ამ სერვისზე დიდად ხართ დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, რომ ის არა მხოლოდ დიდებული პროდუქტი იყოს, არამედ შეძლოს დიდი ხნის განმავლობაში დააკმაყოფილოს თქვენი საჭიროებები. იმისათვის, რათა თქვენი კიდევ უფრო მეტი მოგონება შევინახოთ და Google Photos-ს სერვისმა მომავალშიც განაგრძოს განვითარება, ვცვლით უსასრულო ოდენობის მაღალი ხარისხის მეხსიერების პოლიტიკას“, — წერს Google განცხადებაში.

უცვლელი რჩება Google One-ის საფასური. 100 გიგაბაიტის ფასი თვეში 1,99 დოლარია, მაქსიმალური მოცულობის, 30 ტერაბაიტის კი 149,99 დოლარი.

იცვლება პოლიტიკა არააქტიურ ანგარიშებთან მიმართებაშიც — თუ ბოლო ორი წლის განმავლობაშ თქვენს Google-ის ანგარიშს არ შეხებიხართ და არანაირად არ უპასუხეთ კომპანიის მიერ მეილზე გამოგზავნილ მრავალგზის გაფრთხილებას, Google-ი ანგარიშიდან მონაცემებს წაგიშლით.