საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ტრავმირებულთა სიას გიორგი მერებაშვილი შეუერთდა – 31 წლის შემტევი ნახევარმცველი პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლო ტურის შეხვედრაში დაშავდა.
საჩემპიონო ჯგუფში, საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი, პლოცკის ”ვისლა” კრაკოვის ”ვისლას” იღებდა. გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-16 წუთზე შეცვალეს – როგორც შემდეგ გაირკვა, კუნთი გაუწყდა და სავარაუდოდ, ივლისამდე დაისვენებს.
გიორგიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბოლო დღეებში, ძალიან ბევრი თბილი და მხარდასაჭერი წერილი მივიღე, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ჩემ გვერდით იყავით, ხართ და იქნებით – მაშინაც კი, როდესაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად დამჭირდება. ვეცდები, ეს ბარიერიც თქვენთან ერთად გადავლახო და მალე უფრო ძლიერი დავბრუნდე” – წერს მერებაშვილი.