პირველი ქართველი ოძეკი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის გვერდზე გავრცელდა.
„პირველი ქართველი ოძეკი სამშობლოშია. ტოჩინოშინის გამარჯვებებით ქართველ და იაპონელ ხალხს შორის სერიოზული ხიდი გაჩნდა. დღეს ის საქართველოს მთავარი სახეა იაპონიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და იაპონიას დიდი მანძილი აშორებთ, ჩვენი ხალხების ხასიათში ბევრი საერთოა და განსაკუთრებულია ტოჩინოშინის როლი იაპონელი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობაში.
ქართველი ხალხის ასეთი ერთსულოვანი გულშემატკივრობა, როგორც ტოჩინოშინის შეჯიბრებების დროს გამოჩნდა, მართლაც უიშვიათესია.
ლევანი ამბობს, რომ მისი გამარჯვებები დიდწილად მთელი საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის დამსახურებაა. „გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი“ – მითხრა დამშვიდობებისას.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს მისი იმედი. მჯერა, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოში 4 ივნისს ჩამოვიდა. ტოჩინოშინმა ცოტა ხნის წინ ოძეკის რანგი მოიპოვა, მანამდე კი ნაცუ ბაშოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამასთან, მას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.