მაისის ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინი დამარცხდა და კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე წლის მესამე ბაშოზე (ნაცუ) ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) წარუმატებლად ასპარეზობს. ქართველმა სუმოისტმა, რომელიც რანგით მეორე დივიზიონში, ჯურიოში გამოდის, ტურნირის მეხუთე დღეს შიმაზუუმისთან წააგო. ბრძოლის შემდეგ მან კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

რაც შეეხება ბრძოლა, დაწყებისთანავე უპირატესობა იაპონელმა სუმოისტმა მოიპოვა, მას ტოჩინოშინმა ვერაფერი დაუპირისპირა და შერკინება იორიკირის ილეთით დათმო.

წინა ბაშოზე მიღებული მხრის ტრავმა ლევან გორგაძეს სასურველ დონეზე ასპარეზობის საშუალებას არ აძლევს, მას ტკივილის ფონზე უწევს დოჰიოზე გასვლა.

ამჟამად ტოჩინოშინი ჯურიოს დივიზიონში მეხუთე ნომრადაა განთესილი. ხუთი დღის შემდეგ მაისის ბაშოზე მისი ბალანსი უარყოფითია – 0:5.

ლევან გორგაძის მთავარი კარიერული მიღწევები 2018 წლით თარიღდება. იანვრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა იმპერატორის თასი მოიგო, ხოლო მაისის ტურნირის შემდეგ სუმოს იერარქიაში რანგით მეორე, ოძეკის წოდება მოიპოვა.