ტოჩინოშინის გზა #1TVSPORT
ტოჩინოშინის გზა #1TVSPORT

ლევან გორგაძემ, უფრო ცნობილმა, როგორც ტოჩინოშინ ცუოშიმ, საბრძოლო სახეობებში კარიერა თინეიჯერობისას, სამბოსა და ძიუდოში დაიწყო, თუმცა მალევე სამოყვარულო სუმოში გადაერთო და რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ლვან გორგაძე უნივერსიტეტ ნიჰონის „ნი ჩი დაის“ სუმოს პრესტიჟულ კლუბში ვარჯიშობდა, სადაც დაარწმუნეს, რომ ძალები პროფესიონალურ სუმოშიც ეცადა. 2006 წელს, დღეებით ადრე, სანამ მის ტურისტულ ვიზას ვადა გაუვიდოდა, ლევანი კასუგანოს სკოლის წევრი გახდა. ორ წელში მან რეიტინგის ყველა საფეხური გაიარა და 2008-ში უკვე სუმოს უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში აღმოჩნდა. სწორედ ამ წლის მაისში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს დივიზიონში.

პირველი წელი ქართველი სუმოისტისთვის არც თუ წარმატებული გამოდგა, მაგრამ 2009-ში მან უკვე ყველას ანახა, თუ რისი ძალა შესწევდა. წლის დასკვნით ტურნირში ტოჩინოშინი 12 გამარჯვებითა და სამი მარცხით მხოლოდ ჰაკუჰოს ჩამორჩა და მებრძოლი სულის გამოვლენისათვის კარიერაში პირველი ჯილდო მიიღო.  შედეგად, მაეგშირა რვიდან მაეგაშირა ერთამდე დაწინაურდა და ძალიან მიუახლოვდა კომოსუბის სტატუსს.

მორიგი წარმატებული ტურნირი ლევანს 2010 წლის მაისში ჰქონდა. მან ზედიზედ  ოთხი ოძეკი დაამარცხა და სეკივაკის სტატუსზე დაბალი რეიტინგის სპორტსმენებში იყო მხოლოდ მეორე, ვისაც ეს გაუკეთებია – პირველი მასუგაო იყო (1987 წელს ). სწორედ ამ დროს მიიღო მან კომოსუბის სტატუსი.

2011 წლის მაისში გორგაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი საუკეთესო შედეგი, გავიდა მეორე ადგილზე, კვლავ მხოლოდ ჰაკუჰოს ჩამორჩა და მებრძოლი სულისთვის კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა.

ლევანის კარიერაში მძიმე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადამწყვეტი 2013 წელი გამოდგა – ივლისში მან მუხლის მყესებზე მძიმე ტრავმა მიიღო და ამ ბრძოლის კადრები ერთ-ერთი ბოლოა, რომელშიც ტოჩინოშინს დოჰიოზე მუხლსახვევის გარეშე ვნახავთ. დაზიანების გამო ქართველმა სეკიტორიმ სამი ტურნირი გამოტოვა და რანგით მესამე, მაკუშიტა დივიზიონში დაქვეითდა.

2014 წლის მარტში იგი მაკუშიტას 55-ე ნომერი იყო. ქართველმა შვიდივე ბრძოლა მოიგო და მაკუშიტას მეექვსე ნომერი გახდა. ანალოგიური შედეგი ჰქონდა მას მომდევნო ტურნირზე, რამაც ტოჩინოშინის ჯურიოში დაწინაურება გამოიწვია. ლევანმა ჯურიოშიც იდეალურად იასპარეზა, 15-ვე ბრძოლა მოიგო და დაამტკიცა, რომ ერთადერთი დივიზიონი, სადაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ, მაკუუჩი იყო. ტრავმის მორჩენის შემდეგ უმაღლეს დონეზე დასაბრუნებლად მას მხოლოდ ოთხი ტურნირი დასჭირდა და ნოემბერში, 11:4-ზე შედეგით მებრძოლის სულისთვის ჯილდო კარიერაში მესამედ აიღო.

2018 წლის იანვარში, მესამე მაეგაშირას სტატუსით მან პირველად მოახერხა ბაშოს მოგება და იმპერატორის თასს დაეუფლა. თასთან ერთად, გორგოძემ ჯილდოები შესანიშნავი გამოსვლისა და ტექნიკისათვისაც მიიღო. ის პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, ვინც იმპერატორის თასის მოგება მოახერხა. კასუგანოს სკოლიდან მსგავსი შედეგი სეკიტორის ბოლოს 1977 წელს ჰქონდა დაფიქსირებული და ქართველი სუმოისტის გამარჯვება ამ მხრივაც გამორჩეული იყო.

ტოჩინოშინს მომდევნო ორი ტურნირიც გამორჩეული ჰქონდა – 10:5-ზე და 13:2-ზე შედეგებით, მან მორიგი ჯილდოები მოიპოვა და სეკივაკეს სტატუსიდან სუმოს სამყაროში რანგით მეორე, ოძეკის, ე.ი ჩემპიონის სტატუსამდე დაწინაურდა. 2018 წლის ივლისში ლევანმა ამ რანგში პირველად იასპარეზა და, სამწუხაროდ, დაგროვებულმა ტრავმებმა შეახსენა თავი. ზედიზედ ხუთი ბრძოლის მოგების შემდეგ ფეხზე მორიგი დაზიანების გამო ასპარეზობის შეწყვეტა მოუწია.

მსგავსი სცენარით განვითარდა მომდევნო ბაშოებიც. ტოჩინოშინის ტრავმების ისტორია ასეთია – 2013 წელს მუხლის მყესის ტრავმა, რომელიც 2017 წელსაც გამეორდა. 2018 მან უკვე ფეხის ცერა თითი და ბარძაყი დაიზიანა. რადგან სუმოს ტურნირები წელიწადში ექვჯერ იმართება, სპორტსმენებს, ფაქტობრივად, შანსი არ აქვთ, რომ რეიტინგში საგრძნობი დაქვეითების გარეშე გამოყონ დრო ტრავმების მოსარჩენად. ამის მიუხედავად, 2019 წლის მაისში გორგაძემ ათი გამარჯვებითა და ხუთი მარცხით დაასრულა ასპარეზობა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა, თუმცა მსგავს დონეზე ასპარეზობა მომდევნო სუპერტურნირებზე ვეღარ მოახერხა.

ძველ ტრავმებს მუხლის მორიგი, მხრის და ნეკნების ახალი ტრავმები დაემატა და უმაღლეს დონეზე ასპარეზობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

ლევანი ბოლოს რანგით მეორე, ჯურიო დივიზიონში ასპარეზობდა და მიმდინარე ტურნირზე ხუთი ბრძოლა დათმო, თუმცა, სუმოს წესების მიხედვით, კარიერის დასრულების შემდეგ, სეკიტორის მისი უმაღლესი წოდებით მოიხსენიებენ და სპორტის ისტორიაში ლევან გორგაძე სწორედ ასე ჩაეწერება – ოძეკი/ჩემპიონი ტოჩინოშინი.