გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა.
პრემიერის თქმით, ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ახალი ინიციატივის ერთ-ერთი მიმართულებაა.
„ეს მიმართულებაა ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიზანი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებაა. ინიციატივა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებას და გამარტივებას, ასევე, მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც გაამარტივებს წვდომას ქვეყნის ევროინტეგრაციის შედეგად არსებულ სარგებელზე, მათ შორის უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის უფლებაზე.