გიორგი გიორგანაშვილის ახალი ბრალდება 15-დან 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლით მე-4 ნაწილით,- ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგანაშვილის ადვოკატმა განუცხადა. გიორგანაშვილს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
როგორც გიორგი მახარაძემ აღნიშნა, 262-ე მუხლი გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ჩადენილს ორგანიზებული ჯგუფის მიერ. აღნიშნული მუხლი 15-დან 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბრალი ღიმილისმომგვრელია, მითითებული მტკიცებულებები საქმეში აქამდეც იყო ცნობილი. ახალი და განსაკუთრებული მნიშვნელობის არც ერთი არ არის. ვიცით, რომ ჯაბა ხულორდავას ორგანიზებული მუხლით ბრალის წაყენებას არ უპირებენ, რაც მიუთითებს შერჩევით მართლმსაჯულებაზე.
თუ ვთანამშრომლობთ, ბრალსაც არ უყენებენ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ბრალის ფორმულირება არის სასაცილო, ცხადია არ დავეთანხმეთ. გიორგანაშვილი უნდობლობას უცხადებს გამოძიებას, ეს ის ქვედანაყოფია შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელმაც მას ჩაუდო 45 ანი ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც ის სასჯელს იხდის და ამაზე სააპელაციოც დაიწყებს განხილვას“,- განაცხადა ადვოკატმა.
გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ქორიძეს გიორგი გიორგანაშვილი და ჯაბა ხულორდავათურქეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანაში ეხმარებოდნენ.
აქამდე მსახიობს გამოძიება მხოლოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა. ასევე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჯაბა ხულორდავას.