მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა
მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა

ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზ.ფ.-ს  დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.

„ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ. გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ამავე საქმეზე, 2020 წლის 8 იანვარს, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ. დღეს მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დღესვე, თბილისის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ვ.ბ.-ს მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყებამ ვარკეთილში, „დამპალოს“ სასაფლაოზე მომხდარ შემთხვევაზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე 5 იანვარს დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 7 იანვარს შეუფარდა.

რაც შეეხება მეორე დაკავებულ ვ.ბ-ს, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.