ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბრალდებული პატიმრობას დაეთანხმა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა. ჩემი მიზანი იყო, მანქანა არ წაეყვანათ და მოყვა ასეთი ტრაგიკული შედეგი, რაც ჩემი მიზანი არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ“, – აღნიშნა განსასჯელმა.

2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, 3 იანვარს გამოძიება დაიწყო.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ. ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.