გიგა კვერენჩხილაძე - სანამ „ქალაქის გული“ აღდგება, მოვაჭრეები სავაჭრო ტერიტორიას უფასოდ მიიღებენ
გიგა კვერენჩხილაძე - სანამ „ქალაქის გული“ აღდგება, მოვაჭრეები სავაჭრო ტერიტორიას უფასოდ მიიღებენ

ბაზრობაზე რამდენიმე ათასი კვ.მ, დაახლოებით 5 000 კვ.მ ტერიტორია დაიწვა, – ამის შესახებ სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციის ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის, ადგილზე დაშვების ნებართვა არ გაუციათ და შესაბამისად, ბაზრობის ადმინისტრაციამ და მოვაჭრეებმა არ იციან, ვის რა ზარალი მიადგა“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ აუნაზღაურებს ზარალს მოვაჭრეებს, გიგა კვერენჩხილაძემ თქვა, რომ მოვაჭრეების მცირე ნაწილს თავისი პროდუქცია დაზღვეული ჰქონდა და შესაბამისად, ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიები მოახდენენ, ხოლო ვისაც დაზღვევა არ ჰქონდა, მათ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია მიმდებარე ბაზრობის, კომპანია „თერგის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ფართით უზრუნველყოფს, შეღავათიან პირობებში.

„რამდენიმე თვის განმავლობაში, ანუ, სანამ სავაჭრო ცენტრი „ქალაქის გული“ აღდგება, მოვაჭრეები სავაჭრო ტერიტორიას უფასოდ მიიღებენ“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

როგორც სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციის ადვოკატმა განაცხადა, მისი ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმების კუთხით, ობიექტზე კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ტიპის მოთხოვნა დაცული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.