გერმანია ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო მისიაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
გერმანია ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო მისიაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

გერმანია ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო მისიაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

ჰეიკო მასის განმარტებით, ოფიციალური ბერლინი რეგიონში ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა. პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, ირანზე მაქსიმალურ ზეწოლასთან დაკავშირებით, არასწორია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გერმანიას ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ საზღვაო მისიაში ჩართვის თხოვნით მიმართა. საქმე ეხება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ წამოწყებულ მისიას, რომელიც ირანის სიახლოვეს არსებულ წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებასთან დაკავშირებით, გერმანიას კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, თუმცა ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა არაერთხელ განაცხადა, რომ რეგიონში ვითარების დეესკალაციისთვის პრიორიტეტი დიპლომატიაა.

სპარსეთის ყურეს რეგიონში ვითარება ბოლო რამდენიმე თვეა დაძაბულია. რამდენიმე კვირის წინ ირანის მიერ ბრიტანული ნავთობმზიდების დაკავების შემდეგ გაერთიანებული სამეფო რეგიონში თავისუფალი ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით მისიის დაწყების ინიციატივით გამოვიდა. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, დიდი ბრიტანეთის წინადადებით საფრანგეთი, დანია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი და შვედეთი არიან დაინტერესებულნი.