პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა pound-for-pound-ის (P4P) კატეგორიაში დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე დაასახელა. კერძოდ, ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს თანამედროვე კრივის საუკეთესო მებრძოლად თავისი თანამემამულე ტერენს კროუფორდი მიაჩნია.
„ამ მომენტისთვის pound-for-pound-ის საუკეთესო მოკრივე ტერენს კროუფორდია. ის ახალგაზრდა ფლოიდ მეივეზერს მაგონებს და არაჩვეულებრივად ჩხუბობს”, – განაცხადა FightHype-თან კომენტარში მეივეზერმა.
კროუფორდი პირველ ნახევრადსაშუალო წონაში (63.5 კილოგრამამდე) გამოდის. პროფესიულ რინგზე 32 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოგებული, მათ შორის, 23 – ნოკაუტით.
pound-for-pound – ეს არის აბსტრაქტული კატეგორია, რომელშიც აერთიანებენ სხვადასხვა წონითი კატეგორიის მოკრივეებს და სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ადგენენ მათ რეიტინგს. ამას ჟურნალი The Ring აკეთებს და სხვათა შორის, მიმდინარე კლასიფიკაციაში კროუფორდი მეორე ადგილზეა. მასზე ზემოთ არის ყაზახი გენადი გოლოვკინი.