ფედერიკა მოგერინი - ირანთან ბირთვული შეთანხმების ჩაშლამ შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეასთან ვითარება გაამწვავოს
ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლის მცდელობა შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებზე აისახოს, – ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
„ბირთვული შეთანხმების დაცვა ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის მხარდაჭერას თავისთავად გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ბირთვული განიარაღების საკითხში ნებისმიერი პროცესის ნდობის საკითხი. ირანთან ბირთვული შეთანხმების ჩაშლამ შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეასთან ვითარება გაამწვავოს“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან 2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების დატოვება გადაწყვიტა. შეთანხმების დანარჩენი წევრი სახელმწიფოები კი დოკუმენტის პირობებს ამ დრომდე მხარს უჭერენ და იმავეს მოუწოდებენ ირანსაც.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია