ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი დღეს კიევში ჩავა. ვიზიტი ორდღიანია.
ევროკავშირის წარმომადგენელი უკრაინაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნობა. უკრიანის ხელისუფლებასთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე დონბასში შექმნილი ვითარება იქნება.
როგორც კიევში ვიზიტამდე ფედერიკა მოგერინიმ უკრაინულ სააგენტო „უნიანთან“ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა მნიშვნელოვან სფეროებში, კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამასთან, მოგერინიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი უნდა მიიღოს.
„მუშაობა უნდა გაორმაგდეს მნიშვნელოვან სფეროებში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მათგანია. ამ მხრივ, ველოდებით დამოუკიდებელი და ეფექტიანი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონპროექტის მიღებას“, – განაცხადა მოგერინიმ.
ამას გარდა, ევროკავშირი ელოდება ელექტრონული დეკლარაციების სისტემის რეფორმას.
„ეს არის ის, რაც საჭიროა და რასაც უკრაინის მოსახლეობა ელოდება. ჩვენ მომავალშიც ვიდგებით უკრაინელების მხარეს უკრაინაში რეფორმების განხორციელების მხარდაჭერით“, -განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.