ევროპარლამენტარი კლერ ვუდი - ჩვენ გვსურს, ვნახოთ გათავისუფლებული მუსტაფა ემრე ჩაბუქი
ევროპარლამენტი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კლერ ვუდმა განაცხადა, რომელიც დღეს დემირელის კოლეჯში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩაბუქის ოჯახის წევრებსა და პედაგოგებს შეხვდა.
„ევროპის პარლამენტი ამ საქმის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს და ჩვენ გვსურს, ვნახოთ გათავისუფლებული მუსტაფა ემრე ჩაბუქი. ჩემი აქ სტუმრობა მხარდაჭერა და ერთგვარი დემონსტრირებაა იმისა, რომ სამართლის პრინციპები დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა კლერ ვუდმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი ევროპული ღირებულებების შესაბამისად გადაწყდება.
„ჩემი აზრით, ბატონი ჩაბუქი აქ დარჩება, დაუბრუნდება ამ სკოლასა და მის ოჯახს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
როგორც შეხვედრაზე ჩაბუქის მეუღლემ თუბა ჩაბუქმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ მალე სამართლიანობას ყველა ერთად იზეიმებს.
თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ძებნილი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2017 წლის 24 მაისს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მისი დაკავება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციისა და „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვალს გაიმართება.