ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია დაიმკვიდრა
ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია დაიმკვიდრა

საქართველომ რეფორმების განხორციელების მხრივ გაწეული ძალისხმევისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების სწრაფვის საფუძველზე, რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია დაიმკვიდრა, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. დოკუმენტი 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 2017 წელს კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ამ მხრივ ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ანგარიშში საუბარია საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ, რეფორმების განხორციელების მხრივ გაწეული ძალისხმევისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების სწრაფვის საფუძველზე, რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია დაიმკვიდრა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ადასტურებს ქვეყნის ორიენტაციას ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ.

დოკუმენტში  ასევე ხაზგასმულია, რომ 2016 წელს ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი გახდა (27 % ექსპორტი და 31% იმპორტი). 2017 წლის წინასწარი მონაცემებით, ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება.

ანგარიშის შესაბამისად, უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ევროპოლთანსტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა. 

დოკუმენტის თანახმად, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად, ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გასცემს.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ანგარიშში მითითება კეთდება ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომელიც, საერთო ჯამში, პოზიტიურად აფასებს რეფორმას და მიზნად ისახავს საკონსტიტუციო წყობის კონსოლიდაციას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე.

ანგარიშში პოზიტიურად ფასდება ხელისუფლების მიერ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებისაგრძნობლად შემცირდა, ასევე პოლიციის დაწესებულებებში დაინერგა პრევენციული მექანიზმები არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით.

ანგარიშში, საქართველოში არსებული მედია გარემო  შეფასებულია როგორც  პლურალისტული და დინამიკური.

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, დოკუმენტის შესაბამისად, საქართველო  სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე ადგილებს საერთაშორისო რეიტინგებში.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა საქართველოს მონაწილეობას სამოქალაქო და სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციებში ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.

დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მართლმსაჯულების რეფორმის კონტექსტში, ანგარიშში საუბარია რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე და ასევე ყოვლისმომცველ სასამართლო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც პირველად იქნა მიღებული. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები, როგორიცაა სტრატეგიისა და ეთიკის კოდექსის მიღება და პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა.

დოკუმენტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო აგრძელებს ეფექტიან ფუნქციონირებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში, რის შედეგადაც საგრძნობლად გაზრდილია ევროკავშირთან ვაჭრობა. 

დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად ნეგატიური გარე ფაქტორებისა, მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში მდგრადი აღმოჩნდა. დოკუმენტში ხაზგასმულია ასევე, რომ საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით, რომელიც ხელისფლების მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია.

დოკუმენტში საუბარია სწრაფად მზარდ პროგრესზე ტურიზმის სფეროში და აღნიშნულია, რომ  საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 2017 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, კერძოდ, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის, ტუბერკულოზის კონტროლის, C ჰეპატიტის აღმოფხვრისა და შიდსის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებებით.

ანგარიშში საუბარია საქართველოსა და ევროკომისიას შორის მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ განათლების სფეროში, კერძოდ  ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ევროპული სკოლის დაარსების, 2017-2018 წლებში ევროპული საზაფხულო ბანაკების  ორგანიზებისა და ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც განათლების სისტემასა და შრომით ბაზარს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ეს მიმართულება, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროკავშირი გამოყოფს ფინანსურ დახმარებას ამ სფეროში როგორც 2017 წელს, ასევე შემდგომაც. დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მაღალი აქტიურობა ERASMUS+ პროექტებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ისევე როგორც გაზრდილი მონაწილეობა პროგრამაში ,,შემოქმედებითი ევროპა’’. აღნიშნულია ასევე, რომ საქართველო  პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020’’ ასოცირებული წევრი გახდა.

ანგარშში პოზიტიურად არის შეფასებული, საქართველოს ხელისუფლების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მთელი რიგი მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს.