ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკომისიის ანგარიშში ასახულია ბევრი პოზიტიური სიახლე, მთავარია, დოკუმენტს ლაიტმოტივად გასდევს, რომ ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკომისიის ანგარიშში ასახულია ბევრი პოზიტიური სიახლე, მთავარია, დოკუმენტს ლაიტმოტივად გასდევს, რომ ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიშში ბევრი პოზიტიური სიახლეა ასახული.  ამის შესახებ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, დოკუმენტს ლაიტმოტივად გასდევს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს.

„დიდი კმაყოფილებაა გამოთქმული იმის მიმართ, როგორ მუშაობს საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, საინფორმაციო კამპანიებზე. ორი მთავარი ნაკლოვანებაა ანგარიშში – ერთია, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, თუმცა ეს გამოწვეულია იმით, რომ 2021 წელს კოვიდის პერიოდი იყო და გადაადგილება შეზღუდული იყო, ამიტომ, ეს ციფრი 2022 წელს გაიზარდა. ამ მოთხოვნების უდიდესი უმრავლესობა დაკმაყოფილებული არ არის. შესაბამისად, ამ მოთხოვნებს საფუძველი არ აქვს. თავშესაფართან დაკავშირებით ასეთი უსაფუძვლო მოთხოვნები აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ვიზალიბერალიზაციას. მეორე საკითხია ევროკავშირთან სავიზო პოლიტიკის თანხმობის მოყვანა. ამ შემთხვევაში არის პრობლემური საკითხები. მაგალითად, არცერთ ჩვენს მეზობელს, არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს და არც თურქეთს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს. იმ ვითარებაში არ ვართ, რომ ჩვენს მეზობლებს სავიზო რეჟიმი დავუწესოთ და საქართველოს ეს სპეციფიკა უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას. ევროკომისიის ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად.