მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი არ არსებობს, არც პანიკის და აჟიოტაჟის საფუძველია
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი არ არსებობს, არც პანიკის და აჟიოტაჟის საფუძველია

ევროკავშირი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით იმ წესებს ეფუძნება, რაც შეთანხმებულია წევრ ქვეყნებს შორის და ეს წესები გაწერილია დოკუმენტებში. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა, როცა ევროკავშირს უყურებენ ისე, თითქოს მას შეუძლია, რუსეთის მსგავსად, სავიზო რეჟიმი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ისეთივე პოლიტიკურ გადაწყვეტილება სჭირდება, როგორც სახელმწიფოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემას და წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე მისი მიღება წარმოუდგენელია.

„ოპონენტების განცხადებებში კარგად ჩანს, რა მიზნები აქვთ საკუთარ სამშობლოსთან, ქვეყანასთან და მოქალაქეებთან დაკავშირებით. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ის მიღწევაა, რომელსაც საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად მიაღწია. ეს ის შედეგია, რითიც მოქალაქეები სარგებლობენ. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა რომელიმე სახელმწიფოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემა, ასევე გაუქმებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამის გაკეთება წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე. დღეს ოპონენტებმა საუბარი შეჩერების მექანიზმზე დაიწყეს. ევროკომისიამ შეჩერების მექანიზმი შეიმუშავა, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება, მაქსიმალურად მოხდეს წევრი ქვეყნების წუხილების დაკმაყოფილება, როცა საქმე ეხება არალეგალური მიგრაციის გაზრდას და, ზოგადად, მიგრაციიდან მომდინარე საფრთხეებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, არც პანიკის საფუძველია და არც იმ აჟიოტაჟის, რაც ატეხილია.

„ეს კარგად გაწერილი პროცესია, თუ ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფო საფრთხის ქვეშ დგას – მიგრაციის და რეადმისიის თვალსაზრისით. საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს. ჩვენ ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კარგად ვთანამშრომლობთ იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მსგავსი საფრთხე არ შეჰქმნოდა მას შემდეგ, რაც ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლა. საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როცა ემუქრებიან, რომ ევროკავშირმა შეიძლება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს. შეცდომაში შეყვანაა, როცა ევროკავშირს ისე უყურებენ, თითქოსდა მას ისე შეუძლია, სავიზო რეჟიმი გამოიყენოს საქართველოსთან მიმართებაში, როგორც რუსეთი აკეთებს, როცა რაღაც ინსტრუმენტებს პოლიტიკური მიზნებით იყენებს. ევროკავშირი იმ წესებს ეფუძნება, რაც შეთანხმებულია წევრ ქვეყნებს შორის და ეს წესები გაწერილია ზუსტად იმ დოკუმენტებში, რომლებსაც მხოლოდ ნაწილობრივ აფრიალებენ, თუმცა არავინ ააშკარავებს, თუ რა საფუძველია განსაზღვრული იმისთვის, რომ თუნდაც ეს პროცედურები დაიწყოს ევროკომისიამ“, – განმარტავს მაკა ბოჭორიშვილი.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების გამოსაყენებლად დასაბუთებული არგუმენტი უნდა არსებობდეს, რომ მიგრაციის გამო საფრთხე იქმნება ან საქართველოსთან არ აქვს სათანადო თანამშრომლობა და ეს მის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„ევროკომისიას ამის საფუძველზე საკითხის შესწავლა შეუძლია, მაგრამ შეჩერების მექანიზმი ის ბოლო ინსტანციაა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენება, რაც ქვეყანა ევროკავშირთან იმ საფრთხეების აღმოფხვრაზე არ თანამშრომლობს, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა აჟღერებს ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რაშიც ჩართული არიან ექსპერტები, ყველა წევრი სახელმწიფო. როცა წინაპირობები მზადდება, გადაწყვეტილების მიღება შემდეგ ხდება“, – განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.