ნიკოლოზ სამხარაძემ „ბიბისის“ ინტერვიუ მისცა - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, სრული სიცრუეა, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა
ნიკოლოზ სამხარაძემ „ბიბისის“ ინტერვიუ მისცა - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, სრული სიცრუეა, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა

კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს, წარადგინონ შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან. კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი“, შესაბამისად, სრული სიცრუეა, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან გუშინდელ ინტერვიუში ახსენა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ბიბისისთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე დეტალურად აღწერს, რას გულისხმობს და მოიცავს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

სამხარაძის განცხადებით, „კანონპროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არავის სტიგმატიზაციას და არ ეხება ცალკეულ პირებს. ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს, ყოველწლიურად წარადგინონ თავიანთი შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან, რომელიც სამი თვის წინ მიიღო ევროკომისიამ და დასამტკიცებლად გადასცა ევროპარლამენტს“.

მისივე თქმით, „ევროდირექტივა ზუსტად იმავე ფორმულირებას იყენებს, როგორსაც საქართველოს კანონმდებლობა. „მაგალითად მოგიყვანთ ზუსტ ამონარიდს ევროდირექტივიდან: „ეს არის უცხოური წყაროების ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობა“, – განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველო, ოკუპაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, ქვეყანაში საქართველოს ყოველ 148 მოქალაქეზე ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის, ხოლო ამ ორგანიზაციების 90% დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებს. მისივე განცხადებით, „არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იმის თაობაზე, საიდან მოდის და რა მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხები, ამიტომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია“.

„გესაუბრებით საქართველოს პარლამენტის შენობიდან, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. აქედან დაახლოებით 30 კილომეტრში დგანან რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომელთაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული. შესაბამისად, ეს ქვეყანა, ოკუპაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. მეტიც, ჩვენ ვართ უკიდურესად ტურბულენტური და მოწყვლადი რეგიონის ნაწილი, სადაც ომია ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრის მიღმა – ვგულისხმობ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაძაბულობა სამხრეთ საზღვრის მიღმა, ჩვენს მეზობლებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ომის მსგავსი ვითარება ჩვენი რეგიონის სიახლოვეს – ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში არსებობს 25 000 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონია, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქმის ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის საქართველოს ყოველ 148 მოქალაქეზე. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების 90% იღებს დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან. არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იმის თაობაზე, საიდან მოდის და რა მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხები. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ „ბიბისისთან“.