ნიკოლოზ სამხარაძე ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, ალბერტო ფაბრა პარტს შეხვდა.

როგორც სამხარაძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იყო ნატო-ში ინტეგრაციაზე და საქართველოს მხარდაჭერაზე.

„გავაცანით, რა პრობლემები აქვს საქართველოს, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო როლზე სამხრეთ კავკასიაში. საუბარი გვქონდა, რა რეფორმები განხორციელდა ბოლო წლებში შეიარაღებულ ძალებში. შეჯამების სახით ვიტყვი, რომ ნაყოფიერი საუბრები გვქონდა როგორც სენატში, ასევე დეპუტატთა პალატაში საგარეო თავდაცვის ევროკავშირის კომიტეტების ხელმძღვანელებთან. ყველა შეხვედრაზე გამოთქმული იყო მრავალპარტიული მხარდაჭერა, რადგან შეხვედრებზე ერთი რომელიმე პარტია არ იყო, არამედ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი. ყველა პარტიის საგარეო სპიკერი ამბობდა, რომ ესპანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ში წევრობის გზაზე“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, ალბერტო ფაბრა პარტის თქმით, „ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესის თავდაცვის კომიტეტში კარგად ესმით საქართველოს შეშფოთება და რეაგირების საჭიროება“.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, რუსულ აგრესიას საზღვარზე ნებისმიერ დროს, შეიძლება, ჰქონდეს ადგილი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს. ქართველმა დეპუტატებმა მკაფიოდ გადმოგვცეს საკუთარი შეშფოთება და შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი იმედი, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი თავდაცვის საკითხებში, ისევე როგორც საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ესპანეთის კონგრესის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.