ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და ჯგუფის წევრებს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და ჯგუფის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის სამეფოს პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გუდრუნ ბრუნეგარდს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა სფერო, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

„ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარების და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასა და მის გავლენებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა როგორც რეგიონული, ასევე, ზოგადად, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ვითარებას, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.