ნიკოლოზ სამხარაძე - ველოდებით, რომ ევროკომისიის დასკვნაში სრულად იქნება ასახული პროგრესი, რომელიც საქართველოს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქვს
ნიკოლოზ სამხარაძე - ველოდებით, რომ ევროკომისიის დასკვნაში სრულად იქნება ასახული პროგრესი, რომელიც საქართველოს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქვს

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით, რომ ევროკომისიის დასკვნაში სრულად იქნება ასახული პროგრესი, რომელიც ქვეყანას ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო დროს ოპოზიციამ რიტორიკა შეცვალა, თუმცა, სინამდვილეში, არ უხარია, რომ საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა, პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

„ევროკავშირთან ურთიერთობები და გაწევრიანების პროცესი მთლიანად დაკავშირებულია პირობებთან, თუმცა არ ველოდები, რომ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პირობა გაჩნდეს, რადგან ევროკავშირს ჩვენთვის სანქციების დაწესება არასდროს მოუთხოვია. მათ კარგად ესმით ის ვითარება, რაშიც საქართველო არის. მათ ასევე კარგად ესმით ის ეკონომიკური კავშირები, რომლებიც საქართველოს რუსეთთან აქვს, ამ შემთხვევაში, ვაჭრობას ვგულისხმობ. ასევე კარგად იციან, რა ტიპის პროდუქცია გადის საქართველოდან რუსეთში. ეს არის, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რაც თვითონ ევროკავშირს არ აქვს სანქცირებული რუსეთთან ვაჭრობაში. ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა. მათ ბოლო დროს რიტორიკა შეცვალეს, ოღონდ მხოლოდ რიტორიკის დონეზე, სინამდვილეში, არ უხარიათ, რომ საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა, პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ახლა ცდილობენ, როგორმე ისეთი თემები წამოწიონ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება, თუმცა ამით საკუთარ თავს აზიანებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების წინ ოპოზიციონერი დეპუტატების, მათ შორის სალომე სამადაშვილის ბრიუსელში ვიზიტს, საკითხის შეფასებისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ადვილად გასაგებია, რას უნდა ემსახურებოდეს მათი ვიზიტი.

„მგონი, საზოგადოებისთვის ადვილად გასაგებია, რას უნდა ემსახურებოდეს ოპოზიციონერი ლიდერების ერთი დღით ადრე ვიზიტი, მით უმეტეს, იმ ოპოზიციონერების ვიზიტები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში თავიანთი ნაბიჯებით რეკომენდაციების შესრულებას ეწინააღმდეგებოდნენ. ბრიუსელში ვინც იმყოფება, მათგან რეკომენდაციების შესრულებისთვის რომელს აქვს ხმა მიცემული?“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.