ესტონეთის საგარეო უწყება - ღრმად შეშფოთებული ვართ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებით
ესტონეთის საგარეო უწყება - ღრმად შეშფოთებული ვართ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებით

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ესტონეთის საგარეო უწყება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს.

„ღრმად შეშფოთებული ვართ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებით. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს. ვაგრძელებთ საქართველოში მშვიდობის განმტკიცებისა და კონფლიქტის მოგვარების მხარდაჭერას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.