თინა ხიდაშელი - მთავარია, გაცნობიერებული გვქონდეს, რომ ტატუნაშვილი ომის პირობებში მოკლეს და დღეს საქართველო ომშია
თინა ხიდაშელი - მთავარია, გაცნობიერებული გვქონდეს, რომ ტატუნაშვილი ომის პირობებში მოკლეს და დღეს საქართველო ომშია

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მიუსამძიმრა.

როგორც ხიდაშელმა წილკანში ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია გაცნობიერება, რომ არჩილ ტატუნაშვილი ომის პირობებში მოკლეს და რომ დღეს საქართველო ომშია.

„სანამ ამის ბოლომდე გაცნობიერება არ მოხდება ქვეყნის ყველა მოქალაქის მხრიდან, საფრთხე არ მცირდება. იგნორირებით საფრთხე არ მცირდება, პირიქით, უფრო იზრდება. თუ ამ რეჟიმში ვართ, თუ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ყოველდღიურად ომის პირობებში ვიმყოფებით, მაშინ, რა თქმა უნდა, მოქალაქეც და ხელისუფლებაც სხვანაირად იქცევა, უფრო მაღალი გაქვს სიფრთხილის განცდაც და მოლოდინიც საფრთხესთან წინააღმდეგობის, რომელიც შეიძლება გაჩნდეს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს მთავარი შეცდომაა, რომ ხშირად ჩნდება განცდა, თითქოს სხვა ქვეყანაზე საუბრობენ და რუსის ჯარი აქ არ არის.

„ვფიქრობ, რომ მთავარი შეცდომა, რომელსაც ქართული სახელმწიფო უშვებს დღეს, სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვართ ხოლმე ვითარებაში, როდესაც განცდა გიჩნდება, რომ რაღაც სხვა ქვეყანაზე საუბრობენ, რომ აქ რუსის ჯარი აღარ არის, რომ აი აქვე ძალიან ახლოს ოკუპანტი არ საქმიანობს ზუსტად ისე, როგორც მას მოსკოვიდან უკვეთენ.

ამიტომ, ვფიქრობ, პრევენციის საუკეთესო საშუალება სწორედ ეს არის, რომ ქვეყანამ, მოქალაქიან-ხელისუფლებიანად, გაისიგრძეგანოს, რომ ომში ვართ და ადეკვატურად უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.