არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიუსამძიმრა
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიუსამძიმრა

ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიუსამძიმრა.

ეროვნული ნაკრების წევრები სოფელ წილკანში ჩავიდნენ, სადაც არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

„არჩილ ტატუნაშვილის სახით საქართველომ გმირი დაკარგა. დღეს მივუსამძიმრეთ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და რა თქმა უნდა სრულიად საქართველოს”, – აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.

როგორც ფეხბურთელმა ნიკოლოზ კვეკვესკირმა განაცხადა, არჩილ ტატუნაშვილი თანამედროვე საქართველოს გმირია.

„მთელი საქართველოსთვის ძალიან დიდი ტკივილია, ბიჭებიც ძალიან განიცდიდნენ ამ საკითხს, რადგან ყველა გაერთიანებული ვართ საქართველოს გამთლიანების გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე საქართველოს ყავს ასეთ გმირები და ისინი არიან მაგალითები, როგორც ჩვენი ნაკრებისთვის, ასევე მომავალი თაობისთვის”,  – განაცხადა ნიკოლოზ კვეკვესკირმა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით, 24 მარტს დაკრძალავენ.