გრიგორი კარასინი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე ასე სწრაფად დასკვნებს არ გავაკეთებდი
გრიგორი კარასინი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე ასე სწრაფად დასკვნებს არ გავაკეთებდი

ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდში განიხილებოდა ძალიან სერიოზული, უსიამოვნო და ტრაგიკული ამბები, რომლებიც პერიოდულად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, იგულისხმება საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გრიგორი კარასინმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეს.

„ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდში განიხილებოდა ძალიან სერიოზული, უსიამოვნო და ტრაგიკული ამბები, რომლებიც პერიოდულად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, იგულისხმება საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, ასევე გავიხსენეთ ​ოთხოზორიას საქმე. იყო დეტალური საუბარი. საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები ამ საკითხზე მშვიდად, ვრცლად იძლეოდნენ განმარტებებს, თუმცა მომავალში უნდა დავაკვირდეთ, არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთი შემთხვევები განმეორდეს. ეს არის მთავარი მიზანი“, – განაცხადა კარასინმა.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა რუსეთი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ტატუნაშვილის მკვლელობაზე, კარასინმა აღნიშნა, რომ ის მომხდარის შესახებ დასკვნებს სწრაფად არ გააკეთებდა. მისივე თქმით, მურად ჯიოევმა „ძალიან დეტალურად, ფაქტებზე, თარიღებზე და ციფრებზე დაყრდნობით განმარტა მომხდარის თავისი ხედვა“.

„მინდა გითხრათ, რომ როდესაც ადამიანი იღუპება, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაციაა. ყველაფერში საჭიროა კარგად გარკვევა. ასე სწრაფად დასკვნებს არ გავაკეთებდი. საჭიროა გარკვევა, გამოძიების ჩატარება. როგორც მესმის, ახლა გამოძიებას ატარებენ საქართველოში სასამართლო სამედიცინო ექსპერტები. ეს გაკეთდა სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ ვლადიკავკაზში, ჩვენი სასამართლო სამედიცინო ექსპერტების დახმარებით. ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში. არსებობს რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი, გააჩნია შესაბამისი სააგენტოები, სტრუქტურები, რომლებიც მუშაობენ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ ისინი მოკავშირეებად მიგვაჩნია, მათთან გვაქვს კონტაქტი ყველა ხაზით, თუმცა საკითხები დღეს განიხილებოდა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს შორის. მიმაჩნია, რომ მურად ჯიოევმა ძალიან დეტალურად, ფაქტებზე, თარიღებზე და ციფრებზე დაყრდნობით განმარტა მომხდარის თავისი ხედვა“, – აღნიშნა კარასინმა.