სოზარ სუბარი - აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ოკუპაცია დამთავრდება  
სოზარ სუბარი - აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ოკუპაცია დამთავრდება  

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მიუსამძიმრა.

როგორც მან წილკანში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მთელი საქართველოს ტკივილია.

„კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტკივილი, ეს არის მთელი საქართველოს ტკივილი, ისევე, როგორც ოკუპაციის ნებისმიერი მსხვერპლი.

აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ოკუპაცია დამთავრდება, როდესაც ოკუპანტი იძულებული გახდება, რომ კავკასიის ქედს იქით გადავიდეს,   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავე დაისჯება. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მომხრე არის ჩვენი დემოკრატიული განვითარება და ჩვენი მოკავშირეები დასავლეთში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.