გიორგი კვირიკაშვილი - როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამის თქმა, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას
გიორგი კვირიკაშვილი - როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამის თქმა, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას

ადამიანები, რომლებმაც აწამეს არჩილ ტატუნაშვილი, ქართულ-ოსური შერიგების და საქართველოს გაერთიანების მტრები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც საუბარი არჩილ ტატუნაშვილის საკითხით დაიწყო.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას.

„რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელ დღეს ამის თქმა და ტკივილით აღსავსე თითოეული სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მიმართა დიდი ხნით არ გადადოს მის მიერ მომზადებული საკითხის განხილვა.

„ვთხოვ, ქეთევან ციხელაშვილს, დიდი ხნით არ გადავდოთ იმ პაკეტის განხილვა, რომელიც მას მომზადებული აქვს. მოვუწოდებ პარლამენტს, დავსხდეთ და თანმიმდევრულად გავაგრძელოთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ უმძიმეს ინცინდენტამდე ვახორციელებდით“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მეორე მხრივ,  საქართველოს სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს და სამართლებრივი კუთხით გადადგამს იმ ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.

რაც შეეხება რუსეთს, პრემიერის განცხადებით, რუსეთი ვერანაირად აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა.

„ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში, მათ შორის, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად – ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში, სადაც ცხადად, შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს პასუხს იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, არის მკვლელობა, ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ მას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.