აჭარის უმაღლესმა საბჭომ არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია მიიღო
აჭარის უმაღლესმა საბჭომ არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია მიიღო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე, დღეს რეზოლუცია მიიღო.

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მკაცრად გმობს
1. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას;

2. საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, რაზეც, ამ შემთხვევაშიც, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას;

3. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს, ასევე ევროპის რეგიონთა ასამბლეას, გააძლიერონ ძალისხმევა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“,- ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის მიღების პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არ დასწრებიან.