ეს გიგანტური, „ცოცხალი ნამარხი“ თევზი ოკეანის უღრმეს ნაწილებში ას წლამდე ცოცხლობს — #1tvმეცნიერება
ეს გიგანტური, „ცოცხალი ნამარხი“ თევზი ოკეანის უღრმეს ნაწილებში ას წლამდე ცოცხლობს — #1tvმეცნიერება

ერთ დროს გადაშენებული გიგანტური ლატიმერია, იგივე ცელეკანთი, ეკოეანეში ასობით მილიონი წლის განმავლობაში იმალებოდა. ამ თევზის იშვიათობა და ღრმა წყლებში გავრცელება მის შესწავლას ართულებს, მაგრამ მისი ერთ-ერთი სახეობის ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ისინი შეიძლება იმაზე გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე გვეგონა.

მაინც რამდენ ხანს? თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ეს თევზი 20 წელს ცოცხლობს, მაგრამ ირკვევა, რომ ის შეიძლება ას წლამდეც აღწევს. შედეგად, ღრმა ზღვის ზვიგენებთან ერთად, აფრიკული ლატიმერია (Latimeria chalumnae) ერთ-ერთი ყველაზე ნელა მზარდი თევზია ოკეანის ამ ზომის თევზებს შორის.

ეს კი ემთხვევა იმას, რაც ამ ქმნილებათა შესახებ ვიცით: მათ ნელი მეტაბოლიზმი და დაბალი ნაყოფიერება აქვთ (სწრაფად ვერ მრავლდებიან). საკმაოდ დიდი ხანი სჭირდებათ გამრავლების ასაკამდე მისაღწევად, რაც ზოგადად ასეა ოკეანის ყველაზე ღრმა, წყნარი ადგილების ბინადარ არსებებში.

„ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ის არის, რომ ლატიმერიის სიცოცხლის ხანგრძლივობა ხუთჯერ უფრო მცირე გვეგონა“, — ამბობს საფრანგეთის IFREMER ინსტიტუტის საზღვაო ბიოლოგი კელიგ მაე.

მისივე განცხადებით, ასაკის ახალი შეფასებით ხელახლა შეაფასეს ლატიმერიის სხეულის ზრდაც, რაც ერთ-ერთი ყველაზე ნელია ამ ზომის სხვა თევზებს შორის; შეფასდა სიცოცხლისა და ისტორიის სხვა თვისებებიც, რაც აჩვენებს, რომ ლატიმერიის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ნელია ყველა სხვა თევზს შორის.

მაემ და მისმა კოლეგებმა ლატიმერიების ერთ-ერთი ყველაზე ბევრი ნიმუში შეისწავლეს — სხვადასხვა ასაკის 27 თევზი; მათი აზრით, უხუცესი 84 წლის უნდა ყოფილიყო. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ლატიმერიები სიმწიფეს 55 წლის ასაკში აღწევენ და როგორც ორი შესწავლილი ემბრიონით ირკვევა, შთამომავლობის მოცემას დაახლოებით ხუთი წელიწადი სჭირდება.

ნიმუშების დიდი ზომის გარდა, ჯგუფმა ასევე გამოიყენა პოლარიზებული სინათლის მიკროსკოპი, რომელმაც ლატიმერიების ქერცლზე გამოავლინა ძალიან პატარა გაქვავებული სტრუქტურები, სახელად ცირკულები. მათი საშუალებით შესაძლებელია თევზის ასაკის დადგენა, ზუსტად ისე, როგორც ხის ასაკს იგებენ მისი რგოლებით.

დიდი ცირკულების გვერდით ამ პატარა ნიშნებს აქამდე ვერ ხედავდნენ და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ჯგუფმა არაპირდაპირ დაადასტურა, რომ ცირკულები ამ თევზების ზრდას ემთხვევა.

„ვაჩვენეთ, რომ ეს ცირკულები სინამდვილეში წლიური ზრდის ნიშნებია, წინა კვლევისას შემჩნეული მიკროცირკულების შემთხვევაში კი ასე არ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ლატიმერიების სიცოცხლის ხანგრძლივობა იმაზე ხუთჯერ მეტია, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა და დაახლოებით ერთ საუკუნეს შეადგენს“, — ამბობს მაე.

მტევანფარფლიანი ლატიმერიები სიგრძეში ორ მეტრამდე იზრდებიან და „ცოცხალ ნამარხებად“ მიიჩნეოდნენ — წარმოადგენს სახეობას, რომლის ყველა ახლო ნათესავიც გადაშენდა. ახალმა კვლევებმა ეს იდეა ეჭვქვეშ დააყენა და აჩვენა, რომ ეს თევზი დანარჩენი ევოლუციური ხიდან არც ისე მოწყვეტილია, როგორც გვეგონა.

წლის დასაწყისში, ლატიმერიების კიდევ ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ამ უზარმაზარ თევზს წლების განმავლობაში გენები ნასესხები აქვს სხვა ღრმაწყლოვანი თევზებისგან; ეს მომხდარია პროცესის შედეგად, რომელსაც გენების ჰორიზონტალური ტრანსფერი ეწოდება. ლატიმერია გენეტიკური თვალსაზრისით ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე ახლო ნათესავი თევზია და შესაბამისად, მისმა კვლევამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს ჩვენს ევოლუციასაც.

ეს კვლევა ასევე წარმოაჩენს, რომ ეს სახეობა გადაშენების რისკის ქვეშაა, ამჯერად რეალურად. ცხოველები, რომლებიც ნელა იზრდებიან და მრავლდებიან, გადაშენების მიმართ ყოველთვის უფრო მოწყვლადნი არიან და ახალი კვლევის ავტორებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ლატიმერიების თავს სწორედ ეს არ ხდება.

„დღეგრძელი სახეობები ხასიათდებიან სიცოცხლის ნელი ისტორიით და შედარებით დაბალი ნაყოფიერებით; შესაბამისად, უკიდურესად მოწყვლადნი არიან ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული რყევებისადმი“, — ამბობს მაე.

მისივე განცხადებით, მათ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ სიცოცხლის ასე განსაკუთრებული ისტორიის გამო, ისინი შეიძლება იმაზე მეტად იყვნენ საფრთხის ქვეშ, ვიდრე გვგონია. გამომდინარე აქედან, ლატიმერიების ბიოლოგიისა და სიცოცხლის ისტორიის შესახებ მიღებული ეს ახალი ინფორმაცია გადამწყვეტია ამ სახეობის კონსერვაციისა და მენეჯმენტისთვის.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.