ექსპერტთა შეფასებით, პუტინის განცხადება, დიდი ალბათობით, წარმოადგენს საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანი უკრაინის რეპუტაციის დაზიანებაა
ექსპერტთა შეფასებით, პუტინის განცხადება, დიდი ალბათობით, წარმოადგენს საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანი უკრაინის რეპუტაციის დაზიანებაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება შობისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დიდი ალბათობით, წარმოადგენს საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანი უკრაინის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებაა, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებაში.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების ცნობით, პუტინი შესაძლოა, ცდილობს 36-საათიანი პაუზის მიღწევას, რათა რუსეთის ძალებმა შეძლონ დასვენება, გადაჯგუფება და რეორიენტირება ფრონტის კრიტიკულ მონაკვეთებზე შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის.

მათივე ცნობით, ამგვარი პაუზა არაპროპორციულად სასარგებლო იქნებოდა და უკრაინას ინიციატივას წაართმევდა.

ამასთან, როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტი აღნიშნავს, გონივრულად, პუტინი არ შეიძლება ელოდოს, რომ უკრაინა მის მერ მოულოდნელად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დაიცავს და შესაძლოა, ზავისკენ მოწოდება ემსახურებოდეს იმას, რომ უკრაინა წარმოაჩინოს, როგორც უკომპრომისო ქვეყანა, რომელსაც მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა არ სურს.

„ეს არის მიზანმიმართული საინფორმაციო ტაქტიკა, რომელიც რუსეთს წარსულშიც გამოუყენებია“, – აღნიშნავენ ომის შესწავლის ინსტიტუტის მკვლევრები.

ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ორგანიზებას და განხორციელებას დრო სჭირდება.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების ინფორმაციით, 14 დეკემბერს ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ რუსეთი არ გეგმავდა ცეცხლის შეწყვეტას საშობაოდ, ამიტომ პუტინის ეს მოულოდნელი განცხადება კიდევ უფრო გასაკვირია.

ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ შობის თარიღი მრავალი საუკუნის განმავლობაშია ცნობილი. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების განცხადებით, ვლადიმერ პუტინს რელიგიური მოტივებით ცეცხლის შეწყვეტის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება რომ ჰქონოდა, მას საკმარისი დრო ჰქონდა მოსამზადებლად. მათივე თქმით, ამოქმედებამდე 24 საათზე ნაკლებ დროში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მისი გამოცხადების მიზანია, წარმოაჩინოს, თითქოს უკრაინულ ძალებს არ სურთ მშვიდობის მიღწევაზე მუშაობა და მიისწრაფვიან ომისკენ. ამასთან, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვლადიმერ პუტინის ეს განცხადება ასევე აძლიერებს რუსეთის საინფორმაციო ოპერაციას, რომელიც წარმოაჩენს უკრაინას, როგორც რელიგიური ჯგუფების დამთრგუნველს, ხოლო პუტინს – როგორც ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტ დამცველს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საშობაოდ, 7 იანვრის 00:00 საათამდე იმოქმედებს. მოსკოვმა მოუწოდა კიევს, ამ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი. კიევში პუტინის შეთავაზებას თვალთმაქცობა უწოდეს.