კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ესკალაცია კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს
კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ესკალაცია კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა იბრაჰიმ რაისს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ესკალაცია კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

„პუტინი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე გამოიჩენს გონივრულ თავშეკავებას და თავიდან აირიდებს კონფრონტაციის ახალ ეტაპს, რომელსაც კატასტროფული შედეგები ექნება მთელი რეგიონისთვის“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

კრემლის ინფორმაციით, თავის მხრივ, რაისმა აღნიშნა, რომ ირანს არ აქვს ესკალაციის სურვილი.

„ორივე მხარის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარების მიზეზი ისრაელი-პალესტინის მოუგვარებელი კონფლიქტია“, – წერია კრემლის ინფორმაციაში.

როგორც კრემლი იუწყება, სატელეფონო საუბარი ირანის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.