გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი კვლავ მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი მეგობრობა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი კვლავ მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი მეგობრობა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი კვლავაც მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მისი მეგობრობა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ მრავალი წელი ძალიან კარგად ვთანამშრომლობდით. შესაძლოა, ეს ჯერ კიდევ დაგვეხმაროს მოლაპარაკებების მაგიდასთან გამოსვლის პოვნაში, რადგან სხვა გადაწყვეტა არ არსებობს“, – განაცხადა შრედერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, საფრანგეთმა და გერმანიამ ერთად უნდა მოახდინონ ახალი საშუამავლო მისიის ინიცირება.

„საფრანგეთმა და გერმანიამ ამ საქმეში საკუთარ თავზე უნდა აიღონ ინიციატივა. ცხადია, ომი ვერ დასრულდება ერთ-ერთი მხარის ტოტალური მარცხით“, – აღნიშნა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

შრედერმა ასევე ბოდვა უწოდა განცხადებებს, რომ პუტინს შეუძლია ბირთვული ომის პროვოცირება ან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის სახელმწიფოზე თავდასხმა.

„იმ ესკალაციის ძირფესვიანად ამოსაძირკვად, რომელსაც შეუძლია, ასეთ სცენარებამდე მიგვიყვანოს, კიდევ უფრო რომ არ დავამძიმოთ სიტუაცია მოსახლეობაში, საჭიროა სერიოზული დაფიქრება არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერაზე, არამედ კონფლიქტის დარეგულირებაზე“, – განაცხადა შრედერმა.

გერჰარდ შრედერი 1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა გერმანიის კანცლერის თანამდებობას. ის ამჟამად გაზსადენების კომპანია „ნორდ სტრიმში“ მუშაობს, რომელიც ძირითადად რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ შრედერმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას „საბედისწერო შეცდომა“ უწოდა, ის მაინც არ უარყოფს პუტინს. სწორედ ამის გამო გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია ცდილობს, შრედერისგან შორს დაიჭიროს თავი, თუმცა მისი პარტიიდან გარიცხვა ვერ მოხერხდა.