ექსპერტი - მაჩალიკაშვილების სახლის ხელახალი დათვალიერებისას აღმოჩენილია დამატებითი ტყვიის ნაწილები
ექსპერტი - მაჩალიკაშვილების სახლის ხელახალი დათვალიერებისას აღმოჩენილია დამატებითი ტყვიის ნაწილები

ექსპერტმა და საგამოძიებო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტებმა სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში ბალისტიკური ექსპერტიზა დაასრულეს.

ექსპერტ ზაზა ალთუნაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილების სახლის ხელახალი დათვალიერებისას აღმოჩენილია დამატებითი ტყვიის ნაწილები.

„დამატებით დათვალიერების დროს აღმოჩენილია დამატებითი ტყვიის ნაწილები, რომელიც ამოღებულია გამოძიების მხრიდან და გადაიგზავნება ექსპერტიზაზე, რომ დადგინდეს ერთი ტყვიის შემადგენელი ნაწილი იყო თუ არა. ამოღებულია კიდევ სხვა ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს შემდეგ კვლევას, ტრასოლოგიურ ექპსეტიზას. ეს ფრაგმენტები ამოღებულია და დალუქულია და შემდეგი კვლევისას გამოჩნდება, თუ რა არის ეს. მე მაინტერესებდა ერთი გასროლა იყო თუ არა. სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი გასროლა მოხდა. აღმოჩენილია ისეთი ფრაგმენტები, რომლებიც შემდგომ კვლევას ექვემდებარება, რაც საქმის მასალებში ჩაიდება. რაც შეეხება ხელყუმბარის არსებობას, საქმის მასალები სრულად არ არის წარმოდგენილი, ალბათ გავეცნობით ამ დეტალებს, საიდან იქნა ხელყუმბარა ამოღებული“, – განაცხადა ალთუნაშვილმა.

საგამოძიებო პროცესი სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.