ექიმის ინფორმაციით, გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზად გერმანიის კლინიკის წარმომადგენლები საავადმყოფოს გადატვირთულობასა და თავისუფალი ადგილების არქონას ასახელებენ.
ექიმის თქმით, პაციენტის ოჯახის წევრები უცხოეთში კლინიკის მოძიებას დამოუკიდებლად ცდილობენ. ჯანდაცვის სამინისტრო და მედიკოსები პასუხს კიდევ რამდენიმე უცხოური კლინიკიდან, მათ შორის, თურქეთიდან ელოდებიან.
ექიმი ასევე არ გამორიცხავს, რომ გერმანულმა კლინიკამ პაციენტის მიღებაზე უარი, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თქვა, თუმცა კონკრეტულად რომელ კლინიკაზეა საუბარი, ზაზა ლურსმანაშვილი ვერ აკონკრეტებს.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.
„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.