ემზარ კვიციანი - თამაში გრძელდება, რომ ლაჩარი სააკაშვილისგან გმირი შექმნან
თამაში გრძელდება, რომ ლაჩარი სააკაშვილისგან გმირი შექმნან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “პატრიოტების” წევრმა, ემზარ კვიციანმა განუცხადა.
მისი თქმით, ყველას კარგად ახსოვს, როგორ გადაკვეთა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი.
“თამაში გრძელდება, რომ ლაჩარი სააკაშვილისგან გმირი შექმნან, როგორ გამოუვათ, ეს სხვა მომენტია. თუ შეძლებენ, რომ გმირი გახადონ, უკრაინას დაღუპავენ, დაშლიან და მიწასთან გაასწორებენ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილი ფე-ეზ-ბე-ს თანამშრომელია. სააკაშვილს ათ მეტრში თვითმფრინავის გაფრენის შეეშინდა, მიწაზე იფორთხიალა და როგორ ფიქრობთ, როცა სახურავები სნაიპერებით არის სავსე, სახურავიდან გამოიხედავდა? ფე-ეზ-ბე-ს მისი მოშორება რომ სურდეს, ხუთ წუთში მოიშორებდა. ეს ყველაფერი არის თამაში უკრაინის გასანადგურებლად. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ფე-ეზ-ბე-ში მის გენერლებს რა აქვთ გათვალისწინებული, მისი ცხოვრება რა მიმართულებით წაიყვანონ. ის თავის თავს არ ეკუთვნის, ის ფე-ეზ-ბე-მ შექმნა და იქ იყენებენ, სადაც სჭირდებათ”, – აღნიშნავს კვიციანი.
დეპუტატი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხსაც ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ხშირად ისმის, რომ ის ქვეყანაში არ სჭირდებათ.
“სამართლიანობის აღდგენა არ სურთ, სააკაშვილმა კი ცხრა წლის მანძილზე უცხო ქვეყნების ინტერესები გაატარა და ქვეყანა გაანადგურა. ჯერჯერობით, უცხო ქვეყნებს ის სჭირდებათ, ამ პროცესში კი, მთავარი მისი დედა მშობელი ფე-ეზ-ბეა”, – განაცხადა კვიციანმა.