უკრაინაში აშშ-ის საელჩო მხარეებს დაძაბულობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს
უკრაინაში აშშ-ის საელჩო მხარეებს დაძაბულობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს

უკრაინაში ამერიკის დიპლომატიური მისია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და პროტესტი მიმდინარეობს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობის თავიდან აცილებისთვის მოხდეს დაძაბულობის დეესკალაცია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და ველოდებით, რომ ნებისმიერი გამოძიება ჩატარდება დაუყონებლივ და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილის სპეცრაზმის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს. ამჟამად სააკაშვილი მომხრეებთან ერთად უმაღლესი რადას შენობისკენ მიემართება.