იური ლუცენკო - გამომძიებლებმა სააკაშვილის უკრაინული პასპორტი სევერიონ დანგაძის სახლში იპოვეს
გამომძიებლებმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინული პასპორტი მის თანაგუნდელ სევერიონ დანგაძესთან იპოვეს.
ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
„გუშინ, კიევში იმ ბინებში ჩხრეკისას, სადაც ცხოვრობდა სევერიონ დანგაძე, აღმოჩენილი იყო გამოძიებისთვის ბევრი აუცილებელი მასალა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქის პასპორტი, რომელიც, მისი თქმით, ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტს ან შინაგან საქმეთა მინისტრს. სინამდვილეში, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იყო ბინაში, სადაც დანგაძე ცხოვრობდა“, – განაცხადა იური ლუცენკომ.
შეგახსენებთ, სევერიონ დანგაძეს სახელმწიფო ღალატსა და ორგანიზებული დანაშაული დაჯგუფების წევრებთან თანამშრომლობაში ედება ბრალი. ის შაბათს ლვოვში დააკავეს.
11 სექტემბერს უკრაინის საზღვრის გარღვევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას პასპორტი უკრაინელმა სამართალდამცველებმა ჩამოართვეს.